13/04/2023
12:14
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაპარტიელი ხატია დეკანოიძე მას და ანა წითლიძეს პოლონეთში ვიზიტის გამო უპასუხისმგებლობაში სდებს ბრალს მაშინ, როცა თავად, „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებისას აშშ-ში იმყოფებოდა.
„ხატია რაღაც უპასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა და შეგახსენებთ, იჯდა ეთერში, რუსულ კანონთან დაკავშირებით ლაპარაკობდა და ამბობდა, უნდა შევიდე კომიტეტში, ბოიკოტში რომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ეგ ცუდიაო. 10 დღე ალაპარაკა ყველა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დაპირისპირება, 10 დღე ასაუბრა მთელი მედიასაშუალებები და აზიანა „ნაციონალური მოძრაობა“. როცა „რუსული კანონის“ გაწვევა იყო პარლამენტში, სად იყო იცით, ხატია დეკანოიძე? - მაიამიში და იცით ვინ იყო კომიტეტის განხილვაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში? - ლევან ხაბეიშვილი, თემურ ჯანაშია, დავით ხაჯიშვილი. დიახ, ორივე კომიტეტზე ფიზიკურად ვიბრძოდით ჩვენ იქ, ხატია არ ყოფილა არც ერთ კომიტეტზე და უკაცრავად, ერთმანეთისთვის ტალახის სროლას მოვეშვათ. საერთოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ არის კორუმპირებული კლანი. რა უნდა გამოვიძიოთ დამატებით მე არ ვიცი, მაგრამ ოპოზიციის ინიციატივას ჩვენ არასდროს ხელს არ ვუშლით. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები ექნებათ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.
ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ უპასუხა და აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ მისთვის უხერხულია ხაბეიშვილთან ამ საკითხის განხილვებში შესვლა.
„უხერხულია განხილვებში შესვლა, მაგრამ ეს იყო ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მარტენსის კონფერენცია, რომელზეც მე მიმყავდა ერთ-ერთი პანელი, ამ კონფერენციაზე ასევე იყო ჩემი კარგი მეგობარი, გია ბარამიძეც. ყველას გვევალება კომიტეტზე ყოფნა და პარლამენტში ყოფნაც“, - აცხადებს დეკანოიძე.
ცნობისთვის, ხაბეიშვილმა და წითლიძემ კოლეგებისგან კრიტიკა მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლონეთში ვიზიტით გაემგზავრნენ იმ დროს, როცა ოპოზიციონერ დეპუტატებს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრაზე ხმები სჭირდებოდათ.
0
0