05/10/2021
18:31
საზოგადოება
„მასწავლებლის დღე მინდა მივულოცო პედაგოგებს, ამ უმნიშვნელოვანესი და ფრიად საპატიო პროფესიის წარმომადგენლებს.
იყო კარგი აღმზრდელი, ნიშნავს მყარი საფუძველი შექმნა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ნიშნავს მტკიცე ხიდი გადო წარსულსა და მომავალს შორის და ერის მეობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანო.
დღეს, როდესაც ქვეყანაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმაპურის საშოვნელად სახლიდან არიან გასული, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა. ამდენად, მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა.
დღეს თქვენ, ზოგიერთი პედაგოგი და ბევრი სხვაც, შეიძლება ვერც აცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ქვეყნის ცხოვრებაში. თქვენი სახელი და ღირსება ამიტომაც უნდა იყოს სათანადოდ დაცული და დაფასებული. თუმცა, აუცილებელია ისიც, რომ ამ საქმიანობას თავის პროფესიაზე შეყვარებული, ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ.
მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო უცხოეთში, ჩვენს დიასპორებში, მოღვაწე პედაგოგებს, რომლებიც საქართველოს სიყვარულს უნერგავენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს პატარებს. ისინი, ფაქტობრივად, თავის თავში საქართველოს მოიცავენ და, საგანთან ერთად, ბუნებრივად, სამშობლოსმცოდნეობასაც ასწავლიან აღსაზრდელებს.
მე ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი პედაგოგები გაერთიანდით და შექმენით მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია. თქვენ ყველანი ჩვენი დიდი იმედი ხართ. ერთობით ხომ გაცილებით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.
კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ მასწავლებლის დღეს და გლოცავთ!
ღმერთმა გაგაძლიეროთ, განგამტკიცოთ, მოგცეთ უშრეტი ენერგია და სიყვარული, რათა თქვენი მოვალეობის ღირსეული აღმსრულებელი იყოთ“, - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვის ტექსტში.
0
0