13/10/2023
16:50
ეკონომიკა
ლაგუნა ვერეს, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის და 42 500 მ²-ი ფართობის ტერიტორიის შემდეგ, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 80 145 მ²-ის უძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის „ქართუმ“ კვლავ მარიკა ვერულაშვილის „ნეო სითი დეველოპმენტს“ მიჰყიდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, ბოლო შენაძენი რეესტრში 11 ოქტომბერს 16:59 წუთზე აისახა. პირველად შეძენილი ტერიტორია კი „ნეო სითი დეველოპმენტის“ საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
შედეგად, ბიძინა ივანიშვილის „ქართუმ" მარიკა ვერულაშვილის კომპანიას ჯამურად 122,645 მ² უძრავი ქონება მიჰყიდა.
კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტმა“, რომელმაც „ლაგუნა ვერე“ შეისყიდა, განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ლაგუნა ვერეს“ სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება.
უცნობია, როგორ იქნება ათვისებული ახალი ტერიტორია, ან რა იყო გარიგების ღირებულება.
ლაგუნას ახალი მფლობელი კომპანია კი, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირებული „ნეო სითი დეველოპმენტია", რომლის წილის 100%-ს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, მარიკა ვერულაშვილი ფლობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით ლაგუნასთან აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშნებელობის პროექტი არსებობდა, რომელიც მერიამ დაახარვეზა. იქამდე კი, „ლაგუნასთან“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავდა: საცხოვრებელ, კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს, შპს „კოსტავა 69“ გეგმავდა, რომელიც „ფონდი ქართუს“ მფლობელობაშია.
უფრო ადრე კი არსებობდა თბილისის მერის განცხადება, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის ფონდი ლაგუნას მუნიციპალიტეტს გადასცემდა.
წყარო: bpn.ge
0
0