27/06/2022
11:30
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის - თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სჯერა, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც მალე მიიღებს.
„დღეს საიუბილეო თარიღია - 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. რეალურად მაშინ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 8 წლის წინ მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. მინდა გამოვყო რამდენიმე ხელშესახები შედეგი, რომელიც ქვეყანამ მიიღო: პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ამის შემდეგ დადებითი დინამიკა გვაქვს - ევროკავშირში ვაჭრობა იზრდება და ჩვენს მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია გააქვთ ევროკავშირში, ყოველგვარი ბარიერის გარეშე.
მეორე მთავარი მიღწევა არის უვიზო რეჟიმი, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ქართული პასპორტით გადაადგილდება უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ასევე ძალიან ხელშესახები შედეგია.
მესამე - ახლა უკვე ევროპელი ლიდერების მიერ აღიარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ანუ მათი გაცხადებული დაპირება, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
სამი ძირითადი მონაპოვარი სულ რაღაც 8 წლის განმავლობაში მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“. მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ასოცირების შეთანხმების პროცესი გაჭიანურებული იყო წინა ხელისუფლების დროს. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ მოლაპარაკების პროცესი. აღარაფერს ვამბობ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, შემდეგ იყო თავისუფალი ვაჭრობის მოპოვება და უვიზო რეჟიმის მიღება, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის მოპოვება. მჯერა, ძალიან მალე, მივიღებთ კანდიდატის სტატუსსაც და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ეს არის რეალური, რაც ქვეყანამ ჩვენი მმართველობის ქვეშ შეძლო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0