10/04/2023
16:17
პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადება მიანიშნებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ახალი შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიტანოს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებას.
დეკანოიძის თქმით, მთავრობა "სასამართლო კლანის" შანტაჟს დაექვემდებარა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად გადახლართულია სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება, რაც ხელისუფლების ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელო შტო უნდა იყოს.
"ძალიან საგულისხმოა ეს ფაქტი. ჩვენ მოვისმინეთ მურუსიძის განცხადება, რომელიც იყო შანტაჟი „კლანის“ მხრიდან ხელისუფლებაზე, ამ შანტაჟს დაემორჩილა "ქართული ოცნება", რადგან ურთიერთთანამშრომლობა აქვთ და კვებავენ ერთმანეთს "ქართული ოცნება" და სასამართლო კლანი. ამის შემდეგ ხვდება მათ ღარიბაშვილი და უცხადებს მხარდაჭერას, თუმცა სხვას არც არაფერს ველოდები, მაგრამ ის განცხადება, რომელიც გააკეთა საბჭოს თავმჯდომარემ მიმანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ახალი შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიტანოს "ქართულმა ოცნებამ", ე.წ. სასამართლოსთან შეთანხმებით. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის, რომ ასე გადახლართულია სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალიან აშაკარა თანამშრომლობა ორ ინსტიტუტს შორის, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ არის სრულიად ურთიერთგადახლართული და ეს ჩანს ურთიერთშანტაჟში, რომელიც გადაიქცა თითქოს მხარდაჭერად. ერთი კვებავს მეორეს და ხალხის ნდობა არ აქვს სასამართ₾ო სისტემას, ისევე როგორც ხელისუფლებას", - განაცხადა დეკანოიძემ.
უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში და ნორმატიული ჩარჩო უნდა შემუშავდეს, რომელიც გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას.
0
0