04/06/2023
11:04
პოლიტიკა
„ჯორჯიან ეარვეისის“ საფრენოსნო დირექტორი, თამაზ გაიაშვილი უკრაინული მხარის მიერ მისი დასანქცირების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მისი თქმით, „ჯორჯიან ეარვეისის“ განკარგულებაში სულ 4 თვითმფრინავია, რაც რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ოცდაათი წელიწადია, რაც კეთილსინდისიერად და თავდადებით ემსახურება საქართველოს და ქართველ ხალხს. იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამ ხნის მანძილზე არ ესარგებლოს ავიაკომპანიის მომსახურებით. ეს საქართველოს ისტორიის რთული მონაკვეთი იყო. „ჯორჯიან ეარვეისმა“ ქართველ ხალხთან ერთად მრავალი ჭირ-ვარამი გამოიარა და ჩვენმა გმირმა ავიატორებმა ბევრი რამ გააკეთეს სამშობლოსთვის.
სამწუხაროდ, საქართველოში მოიძებნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მხოლოდ იმას ფიქრობენ, თუ ვის რა ავნონ, ვის როგორ უღალატონ, ან როგორ „მოსცხონ ჩირქი„ საკუთარ ქვეყანას და მთავრობას, როგორ შეურყიონ მას საერთაშორისო ავტორიტეტი. ამ მიმართულებით იმდენი გამოცდილება დაგვიგროვდა, რომ უკვე აღარც გვიკვირს და აღარც გვწყინს მათი საქციელი.
ერთი ისტორია მახსენდება. „სვისეირი“ როდესაც გაკოტრდა, მთელი შვეიცარია ტიროდა. ეს კადრები მსოფლიომ ნახა. საქართველოში კი იმის მომსწრენი გავხდით, თუ რა სიხარულის ყიჟინა აქვთ გამართული იმის გამო, რომ ქართულ ეროვნულ ავიაკომპანიას ვიღაცამ სანქცია დაადო და ეს ან გაკოტრდება ან პრობლემები შეექმნებაო. აფერუმ, ასეთ ადამიანებს! ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი რამ პოლიტიკური სპეკულაციის თემად არ უნდა აქციონ, რადგან ამით ვერავინ ვერანაირ ქულას ვერ დააგროვებს და ვერც ქართველი ხალხის სიყვარულს ვერ დაიმსახურებს.
რაც შემეხება პირადად მე, დაახლოებით თხუთმეტი წელიწადია, აღარ ვარ „ჯორჯიან ეარვეისის“ არც დამფუძნებელი და არც გენერალური დირექტორი. მე საფრენოსნო დირექტორის თანამდებობა მიკავია და აქტიურად ვმუშაობ მფრინავების მომზადებისა და უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც ჩვენი ავიაკომპანიის პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, ქართველ ემისრებს შეცდომაში შეჰყავთ უკრაინის მთავრობა, რომ ვითომ თამაზ გაიაშვილი გავლენას ახდენს ამა თუ იმ სახელმწიფოში ფრენების დანიშვნა-არდანიშვნაზე. მსოფლიოში არცერთ ავიაკომპანიას (მათ შორის, არც „ჯორჯიან ეარვეისს“) არ შეუძლია, გასცეს ნებართვა ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყების ან შეწყვეტის შესახებ, ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის სამთავრობო ხელშეკრულებით რეგულირდება. აქედან გამომდინარე, „ჯორჯიან ეარვეისი“ და მისი გენერალური დირექტორი, დავით გაიაშვილი ხელმძღვანელობენ იმ რეგულაციებით, რაც დაწესებულია საერთაშორისო წესებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
ქართული ოპოზიცია და მათი რუპორი მედიასაშუალებები გაჰყვირიან, რომ ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვეხმარებით. ავიაკომპანია, რომლის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. სხვა საქმეა ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთის ავიახაზები, რომლის ავიაპარკი ხუთასზე მეტ თვითმფრინავს ითვლის და, რომელიც რუსეთში ყოველდღიურად ოცდაათ რეისზე მეტს ასრულებს. აგრეთვე, არაბეთის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზიისა და, საერთოდ, აზიის სახელმწიფოები. ამაზე რატომღაც თვალებს ხუჭავენ ისინი, ვინც ასე გააფთრებით ებრძვიან ქართულ პატარა ავიაკომპანიას.
ინფორმაციისთვის: საფრენოსნო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განვაგრძე კიევის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტში. შესაბამისად, ორი წელიწადის განმავლობაში ვცხოვრობდი უკრაინაში, შემდეგ კი გადავედი ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) სამოქალაქო ავიაციის აკადემიაში, რომელიც 1986 წელს დავამთავრე. აქედან გამომდინარე, უკრაინაში უამრავი მეგობარი მყავს და კარგად ვიცნობ კეთილშობილებითა და სიბრძნით გამორჩეულ უკრაინელ ხალხს.
„ჯორჯიან ეარვეისში“ დღესაც დასაქმებული არიან უკრაინიდან ლტოლვილები. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები ვერასოდეს შეეგუებიან სიყალბეს. ერთადერთი, რაც მე შემიძლია, ისაა, რომ უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ერთიანობა ვუსურვო“, - აღნიშნულია გაიაშვილის განცხადებაში.
0
0