
„უმაღლესი თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მეთაურებს შორის, მერწმუნეთ, ასეთი დეტალების განხილვა არ ხდება. ეს პრაქტიკა არც არის. პრეზიდენტი ამ შეხვედრებზე არანაირად არ შედის იმის გარჩევაში რა რეფორმა შესრულდა, არ შესრულდა, ფორმალურად შესრულდა, თუ როგორ“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე განხილვისას სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„რაც ეხება ტექნიკურ, ასე ვთქვათ, ჩამოთვლილ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაზღვრულია, როგორც შესასრულებელი ვალდებულებები, პრეზიდენტი ამ რანგის არცერთ მსგავს, თუ სხვა რანგის შეხვედრებზე არასდროს არ საუბრობს ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით.
ეს 12 პუნქტი თავისი არსით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ შესასრულებლადაა დადგენილი, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მეთაურებს შორის, მერწმუნეთ, ასეთი დეტალების განხილვა არ ხდება. ეს პრაქტიკა არც არის. პრეზიდენტი ამ შეხვედრებზე არანაირად არ შედის იმის გარჩევაში რა რეფორმა შესრულდა, არ შესრულდა, ფორმალურად შესრულდა, თუ როგორ...
საქართველო, სწორედ გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, აუცილებლად იმსახურებს, მას ეკუთვნის და გარდაუვალად აუცილებელია, რომ მიიღოს ეს სტატუსი - სწორედ ესაა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია - ესაა, რასაც ის აფიქსირებს. მას რომც დაუსვან კითხვა - როგორ მიდის რომელიმე რეფორმა? არცერთ შემთხვევაში... ჩვენ რომ გვქონდეს სასაუბროები, იქ რომ ყოფილიყო ელჩი, რომელიც დაესწრებოდა [შეხვედრას] და მოგვაწვდიდა ჩანაწერის ოქმს, ამის მტკიცებულებაც გვექნებოდა, მაგრამ ვინაიდან ელჩი არ ესწრებოდა შეხვედრას, მთავრობისა და არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით, შესაბამისად, ჩვენ ასეთი ოქმი ხელში არ გვიჭირავს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინების ავტორებს და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს უსმენენ.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.
ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.
0
0