07/07/2023
12:54
საზოგადოება
ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ საპატრიარქოს და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში დაგეგმილ ლგბტ კვირეულს უკავშირდება.
მათი შეფასებით, ე.წ. ლგბტ მოძრაობის მიზანია გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული საზოგადოება ამას ვერ შეეგუება, არ არის მზად და არც არასდროს დადგება მსგავსი მზაობა. საპატრიარქო და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უკიდურეს პოლარიზაციას იწვევს, ამიტომ მისი საკანონმდებლო წესით დარეგულირება მიზანშეწონილად მიაჩნიათ.
„ეგრეთ წოდებული ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს. ამის დაკვირვება შესაძლებელია იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ამ მოძრაობამ რამდენიმე ათეული წლის წინ აიდგა ფეხი. ჯერ კიდევ წლების წინ ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ამ მოძრაობის ნამდვილი მიზანი არ არის ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება.
დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: ჩვენი საზოგადოება ამას ვერ შეეგუება, არ არის მზად და არც არასდროს დადგება მსგავსი მზაობა. ეს საკითხი განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს სამოქალაქო მშვიდობას და იწვევს უკიდურეს პოლარიზაციას, ამიტომ მისი საკანონმდებლო წესით დარეგულირება მიზანშეწონილად მიგვაჩნია.
ჩვენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, თვალნათლივ წარმოგიდგენთ ჩვენს ერთობას ამ საკითხთან დაკავშირებით და ხმამაღლა ვაცხადებთ: ამ ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ერთად ვქმნიდით თანაცხოვრების კულტურას, რომელშიც სიღრმისეულად არის გამჯდარი ურთიერთპატივისცემაც და ურთიერთმიმღებლობაც. ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია.
ამ ადგილიდან (მეტეხის ტაძრის ეზოდან) კარგად ჩანს ჩვენი სამოქალაქო კულტურის შტრიხები, რომლებიც სრულიად განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის მქონე ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში საერთო სახელმწიფოს მშენებლობისა და თანაცხოვრების უნიკალური მაგალითია“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0