04/10/2021
13:15
ბადაგონი
პროექტი მიზნად ისახავს, შემეცნებით -საინფორმაციო ტურისტული მარშრუტის მოწყობას, რომლის პირველი ნაწილი მოიცავს თბილისიდან ალავერდამდე, 150 კილომეტრიან მონაკვეთზე, საქართველოს ისტორიულ-კულტურული, აგრარული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას.
კომპანია „ბადაგონი“, უზრუნველყოფს პროექტის ტექნიკურ განხორციელებას და შეიმუშავებს საინვესტიციო გეგმას. საპარტნიორო ფონდი კი, მზადაა ფინანსურად უზრუნველყოს პროექტი, მისი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში. ამ მიზნით, საპარტნიორო ფონდს, კომპანია ,,ბადაგონს’’ და „ალავერდის განვითარების ფონდს“ შორის, მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: კოპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ, ალავერდის მიტროპოლიტმა დავითმა და „საპარტნიორო ფონდის“ აღამსრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
ალავერდის მიტროპოლიტის დავითის განცხადებით, ამ ერთობლივი, სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, მოხდება თითოეული ობიექტის შესწავლა და განვითარება ისე, რომ არ დაზიანდეს ისტორიული გარემო.
‘’ ამ მემორანდუმის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიახლოვეს მოხდეს ზომიერი განვითარება ისე, რომ არ დაზიანდეს ისტორიული გარემო, კერძო სექტორი ჩართულია იმ პირობა-ვალდებულებით, რომ ეს საფუძველი იქნება შენარჩუნებული. ასევე, საპარტნიორო ფონდი თავისი შესაძლებლობებით, ფინანსური მხარდაჭერით, თუ ცნობილი კონსულტანტების მოწვევით, იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვფიქრობთ და ვგეგმავთ, მნიშვნელოვანი ტურისტული გზა-ბილიკის მოწყობას მთელ სიგრძეზე. ამასთან, ამ ერთობლივი, სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, მოხდება თითოეული ობიექტის შესწავლა და საბოლოო შედეგი იქნება მომხიბვლელი ტურისტული სექტორისთვის და მომგებიანი კერძო სექტორისთვის.„ - აღნიშნა მიტროპოლიტმა დავითმა.
კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას თქმით, კომპანია „ბადოგონს“ პროექტში მნიშვნელოვანი როლი აქვს და მემორანდუმის გაფორმება, ამ დიდი გზის ახალი დასაწყისია.
,,დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როგორც ეპარქიის ცხოვრებაში, ისე ჩვენი კომპანიისთვის, ვინაიდან გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, სადაც საპარტნიორო ფონდსა და ეპარქიას შორის, შედგა ხელშეკრულება, იმ დიდი პროექტის, რასაც ეწოდება ,,ოქროს გზა ოქროს ისტორიაში” ტურისტული მარშრუტი, რომელიც დაახლოებით 150 კილომეტრამდე მოიცავს. „ბადაგონი“ ამ პროექტში წარმოდგენილია ერთ-ერთ პარტნიორად, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ, რომ რეალურად განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც უკვე სახეზეა და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი მემორანდუმი, დაძრავს იმ დიდი გზას, რომელსაც ჩვენ ერთად ვიწყებთ ‘’- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
როგორც ,,საპარტნიორო ფონდის’’ აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე აღნიშნავს, ეს პროექტი მოიცავს ძალიან ბევრ ასპექტს და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
‘’საპარტნიორო ფონდს ექნება დიდი როლი იმაში, რომ შეისწავლოს ყველა ის დეტალი, რომელიც ამ გზაზე, ამ პროექტში შეიძლება განხორციელდეს, ის ძირითადი კომერციული სექტორი, რომელიც ამ პროექტისთვის შეიძლება იყოს გარკვეული გენერატორი. დღეს ჩვენ მოვაწერეთ ამ მემორანდუმს ხელი და ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი მეუფე დავითთან ერთად. ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ღვინის კომპანია ,,ბადაგონი" ჩართულია ამ პროექტში და მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზული ძალაა და მათთან ერთად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შესაძლებელია. თქვენთან ერთად წარმატებებს ვუსურვებ ამ პროექტს, საპარტნიორო ფონდის გუნდი ბევრ და მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს ამ პროექტში.’’ - განაცხადა დავით საგანელიძემ.
0
0