11/02/2023
20:54
სპორტი
იტალიური გამოცემა gazzetta dello sport ამტკიცებს, რომ „ნაპოლიმ“ შეტევის ლიდერებთან ვიქტორ ოსიმენთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება დააჩქარა.
ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება, ხვიჩა კვარაცხელიას კი – 2027 წელს. ნეაპოლელთა შეტევის დუეტის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე ორივემ პირველ ადგილზე იტალიური კლუბი დააყენა.
ნეაპოლელთა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კლუბისა და მისი ვარსკვლავების მომავალზე საუბრისას აცხადებს, რომ ბიუჯეტი „ნაპოლის“ საშუალებას აძლევს, საუკეთესო ფეხბურთელები არ გაყიდოს, მაგრამ ოსიმენი და კვარაცხელია პრემიერლიგის კლუბებისთვის სულ უფრო და უფრო სასურველები ხდებიან.
ბრძოლა უთანასწოროა, რადგან ინგლისური კლუბების თანხების ბრუნვა „ნაპოლის“ მაჩვენებლებს ბევრად აღემატება და ლოგიკურია, რომ ეკონომიკური უთანასწორობა უფსკრულს ქმნის, რომლის დაძლევაც ნებისმიერი კლუბისთვის ძალიან რთულია.
ქართველს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წელს უმთავრდება, მაგრამ შედარებით მცირე ხელფასმა, განსაკუთრებით მის მიმართ დაინტერესების ფონზე, შეიძლება ყურადღება გაუფანტოს.
აგენტი ჯუღელი ამ დრომდე უარყოფს რაიმე ინტერესს და ადასტურებს, რომ იტალიელებთან ყველაფერი შეთანხმებულია. სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბის ხელმძღვანელობასთან ხელფასის საკითხს განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, გაორმაგდება – 1,2 მილიონიდან დაახლოებით 2,5 მილიონ ევრომდე. ასევე შესაძლებელია, ხელშეკრულება 2028 წლამდე გახანგრძლივდეს. ეს მხოლოდ ვარაუდია და ჯერჯერობით, გადაჭრით რაიმეს თქმის საშუალებას არ იძლევა, - წერს იტალიური გამოცემა.
0
0