05/06/2023
13:35
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობისკენ“ ვინც მიილტვის, ეს ნიშნავს, მოახდინოს პარაზიტირება „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.
რომან გოცირიძის თქმით, „მსგავსი მსგავსს შეიმეცნებს, მსგავსი მსგავსისკენ მიილტვის, ეს ბუნებრივი მოთხოვნაა“.
„მსგავსმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც აქვთ მსგავსი შეხედულებები და ერთნაირი იდელოგია, უნდა შექმნან დიდი კოალიციები და ალბათ, მომავალ არჩევნებში უნდა იყოს სამი-ოთხი, შეიძლება, მეტიც, ვინაიდან არავითარი შანსი არ არსებობს, რომელიმემ ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახოს, გარდა ორი პარტიისა. ახლავე უნდა გააცნობიეროს ყველამ, მათ შორის პოლიტიკურად აქტიურმა ადამიანებმა, რომ დროა, დავიწყოთ დიდი კოალიციური გაერთიანებების შექმნა. „ნაცმოძრაობისკენ“ ვინც მიილტვის, ეს ნიშნავს, რომ მოახდინოს პარაზიტირება „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე.
ჩვენ ვნახეთ, როდესაც 34 დეპუტატი შემოვედით „ნაციონალური მოძრაობის“ სიით და აქედან 20 არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ასე ვთქვათ, მუქთად პარლამენტში შესვლა ვისაც უნდა, კი ბატონო, მიუერთდეს „ნაცმოძრაობას“. „ნაციონალური მოძრაობა“ არის თვითკმაყოფადი ორგანიზაცია. მას არავინ სჭირდება. დანარჩენებმა უნდა იშრომონ, იბრძოლონ, გადალახონ სხვადასხვა შეუთავსებლობები და შეიქმნას დიდი კოალიციები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
0
0