22/01/2025
18:08
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ რომ კრიმინალური რეჟიმია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ადამიანების მკვლელობა, წამება, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია ამ პარტიის მმართველობის ყოველდღიურობა იყო, თუმცა მთავარი მაინც ომის დანაშაულია, რომელიც გარე კარნახით მაშინდელმა „ახალგაზრდა ჯაშუშებმა“ ჩაიდინეს, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
როგორც შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჩადენილი დანაშაულებიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება არ იქნება რთული. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გენერალურ პროკურატურაში შეტანილ სარჩელზე, რომლითაც მოძრაობის წევრები ითხოვენ საქართველოში მოქმედი ჯაშუშების გასამართლებას, რასაც, შათირიშვილის თქმით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას.
„გარდაცვლილი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები, დაკარგული ტერიტორიები და რაც მთავარია - მუდმივი კონფლიქტური ზონა რუსეთთან. სწორედ ეს იყო სააკაშვილის და მისი ბანდისათვის დავალებების მიმცემთა მიზანი - ქვეყანაში გაუგონარი რუსოფობიის გაჩაღება და მოსაზღვრე ქვეყანასთან მუდმივი კონფლიქტის რეჟიმში ყოფნა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება და ამ კრიმინალური პარტიის წევრებისა და მათი დამხმარეებისათვის პოლიტიკური საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვა რთული პროცესი არ იქნება. მაქსიმუმ 7 თვის თავზე პარლამენტმა უნდა დადოს ისტორიული დოკუმენტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო მომავალში თითოეული ქართველი პოლიტიკოსისთვის, რომ არავის ეპატიება ქვეყნის ღალატი და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედება.
არანაკლებ საინტერესო პროცესს მისცა ბიძგი საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“. მათი სარჩელის მთავარი მიზანი და მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ საქართველოში მოქმედი ჯაშუშების გასამართლების მოთხოვნაა. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლებას.“ - აღნიშნულია ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0