
გუშინ „ნაცინალური მოძრაობის ბედოვლათმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 20%-ს ქვემოთ არიან, აღმაშენებელთან თუ დაღმაშენებელთან ერთად 16 პროცენტი გვიპყრია ხელთო. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშე დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ იმკის იმას, რაც დიდი ხნის წინ დათესა.
„დიდი ხნის წინ რაც დათესეს, ჯერ კიდევ 2 000-იანებში, ის მოიმკეს 2023 წელს. სწორედ ასე აღვიქვამ ამ პროცესებს. უზარმაზარი ღვარძლი ერთმანეთის მიმართ, რომელიც ამ ადამიანებში ბუდობს და კონცენტრირდება ამ ეგრეთ წოდებულ პარტიაში, არსად დაიკარგებოდა. არ შეიძლება, ბოროტად ჩაფიქრებული საქმე ბოლოში კეთილად დასრულდეს. ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას რაც ახლა სჭირს, ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ დაუნდობელი, ბოროტი ადამიანები არიან შეკრებილი, რომლებიც თავისი თავის გარდა, სხვა არაფერზე ფიქრობენ, მათ შორის არც საკუთარ ამომრჩეველზე. პირველ რიგში, ეს ხომ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. პარტია არის იდენტური მოსაზრებების მქონე ადამიანების ერთობა. საკუთარ ამომრჩეველსაც არიან მოწყვეტილი, ამიტომ არის კასტური დაპირისპირება და ბრძოლა ძალაუფლებისთვის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს რამდენიმე მანდატზე, მომავალ პარტიულ სიაში ვინ რა ადგილს დაიკავებს. გუშინ როგორც მათმა ბედოვლათმა თავმჯდომარემ აღნიშნა, თურმე 20%-ს ქვემოთ არიან უკვე და აღმაშენებელთან თუ დაღმაშენებელთან ერთად, რა ჰქვია პარტიას არ ვიცი, 16 პროცენტი გვიპყრია ხელთო. ეს აღიარებაა, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშე დგას. ვფიქრობ, დაპირისპირება უფრო გაღრმავდება. რა უბედურებაა ერთმანეთთან მანიფესტური ენით საუბარი, ხელს თუ არ მოაწერ, პარტიიდან გაგაგდებ, თუ მოაწერ, ჩემ გვერდით იქნები. ხელი რომ მოაწერონ და შემდეგ გადათქვან, რას აკეთებენ. სახლობანას თამაშს დაემსგავსა, გაბუტული ბავშვები კუთხეებში ცხვირაბზუებული რომ დგანან და ერთმანეთს ემდურიან. გაკვანძული არიან შურში, ღვარძლში, დაპირისპირებაში, ბოღმაში, ერთმანეთს რომ არაფერს უთმობენ. მიკვირს, აქამდე როგორ გაძლეს ერთ ჭერქვეშ. ასე თუ ვერ იტანდნენ ერთმანეთს, ერთ საქმეს როგორ ემსახურებოდნენ. მხოლოდ ბოროტება აერთიანებს ამ ადამიანებს, არაფერი სხვა მათ არ აკავშირებს.
შექმნის დღიდან, 20 წელია, ამ ადამიანების ტანჯვა-წვალებას ვუყურებ და როგორ ტანჯავენ საკუთარ სამშობლოს. „ნაციონალური მოძრაობამ“ წლების განმავლობაში რაც აკეთა, ასე დაუფასდა და ასე დახვდა წინ. ქვეყნის ტანჯვა, საზოგადოების წამება არასდროს არავის შერჩენია. ეს პასუხისმგებლობა ამ ფორმებში თუ გამოვლინდება, დაე, ასე გამოვლინდეს, დაიშალოს ეს ბანდიტური სინდიკატი, მოშორდეს პოლიტიკურ სივრცეს და ამოასუნთქოს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი. იქნებ, სხვებმა გაბედონ და მათი ჩრდილიდან გამოვიდნენ, დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობა აწარმოონ, რისი სრული საშუალება აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილი.
0
0