20/11/2022
21:53
პოლიტიკა
“პარტიაში გადაწყვეტილი აქვთ, რომ ყველა ხერხისა და საშუალების გამოყენებით ჩამოაგდონ პარტიული ტახტიდან მელია და იქ წამოასკუპონ კომიკური პერსონაჟი, ბატონი ხაბეიშვილი”, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის ფლანგს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.
დეპუტატი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი კეზერაშვილის ნდობით სარგებლობს და ყველაფერს აკეთებს, რათა კეზერაშვილს საუკეთესო კუთხით დაანახოს თავი.
„ხელისუფლებას არა, მაგრამ საკუთარ თავებს და პარტიას რომ ცხელი შემოდგომა და ზამთარი მოუწყვეს, ეს ფაქტია, ერთს ფიქრობენ და მეორე გამოუვიდათ. ჩვენ ამაზე ბევრს არ ვიდარდებდით, რომ არა მათი საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში და ის, რომ ეს ძალა, საუბედუროდ, ქვეყანაში ოპოზიციის რიგებში მოწინავეა. ეს არის სადარდებელი ხელისუფლებისთვისაც, დანარჩენი ოპოზიციისთვისა და საზოგადოებითვისაც.
„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ფაქტორი, ვერ მოშორდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს და ისინი ანადგურებენ ყველას და ყველაფერს. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან მათი დომინაცია უნდა დასრულდეს. ვისურვებდი, ამ პარტიაში დაწყებული დაუნდობელი დაპირისპირება ამ პროცესის დასასრული იყოს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი უფრო გაღრმავდება და ადამიანებს, დაპირისპირებულებს, ვისაც ვუყურებ მე, არ აქვთ არანაირი რესურსი ერთად მუშაობის, ერთ პარტიულ სივრცეში ერთად ყოფნის და ეს ბრძოლა აუცილებლად უფრო დაუნდობელი გახდება“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
0
0