05/06/2023
15:14
პოლიტიკა
რამდენი ათასი ტურისტი შემოდის საქართველოში? სათითაოდ დასდევს ის „ნაცმოძრაობა“, რომელმაც 2010 წელს ჩეჩნეთის და საქართველოს მოსაზღვრე სხვა რეგიონების მოსახლეობისთვის დააწესა უვიზო რეჟიმი. ახლა იგივე ხალხი დასდებს ამ მოქალაქეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„საზღვარზე შეჩერების ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეიძლება პროვოკაცია ეწყობა ან რამე მსგავსი, ან ადამიანს დარღვეული უნდა ჰქონდეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი. სხვა შემთხვევაში მესაზღვრე არ აჩერებს არცერთ ადამიანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც ვინოკუროვის შემთხვევაში, ვინმეს რომ შეეჩერებინა ის, თქვენ იტყოდით, რომ გადაყენებული მერი, 2020 წელს კადიროვის მიერ დაჭერილი ადამიანი შეაჩერეს ქართველებმა და პრობლემები შეუქმნეს. ეს რომ არ მოხდა, პირიქით ატრიალებთ ამ თემას. ეს არის პროვოკაცია, რომ ადამიანების ემოციებზე იმოქმედოთ. პირველი რეაქცია მეც ცოტა უხერხული მაქვს ხოლმე, სანამ გავიგებ, რაშია საქმე. როცა აღმოაჩენ, რომ ჩეჩნეთში 2020 წელს დაჭერილი ბიზნესმენი, ხელისუფლებისგან დევნილი მერი და თავისი სამეგობრო იყვნენ, რწმუნდები, რომ ეს არის თქვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც, სხვანაირად რომ ყოფილიყო, სხვანაირად იქნებოდა შეთავაზებული საზოგადოებისთვის. ანტიპუტინისტი ვინოკუროვის შემოშვებაზე რა ამბავი ატეხეთ, ალბათ კარგად გახსოვთ“, - აცხადებს მდინარაძე.
0
0