
ძალადობა მიუღებელია და სადაც ძალადობას აქვს ადგილი, უნდა დაისაჯოს შესაბამისად, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ გახლავთ სწორედ ძალადობის წამახალისებელი ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიმუშავა ქართველ ხალხზე ძალადობის რეპრესიული სახელმწიფო მანქანა, ხოლო ოპოზიციიდან ისინი ქართველ ხალხზე ძალადობენ ამ სახელმწიფო მანქანის გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დაპირისპირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს უპასუხა, რომლებიც ინციდენტს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ძალადობრივ პოლიტიკად აფასებს.
„ძალადობა მიუღებელია და სადაც ძალადობას აქვს ადგილი, უნდა დაისაჯოს შესაბამისად. ამას ვსაუბრობთ ჩვენ ყოველთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ გახლავთ სწორედ ძალადობის წამახალისებელი ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიმუშავა ქართველ ხალხზე ძალადობის რეპრესიული სახელმწიფო მანქანა, ხოლო ოპოზიციიდან ისინი ქართველ ხალხზე ძალადობენ ამ სახელმწიფო მანქანის გარეშე, თუმცა ვხედავთ ჩვენ, თუნდაც თუ გავიხსენებთ 7-8 მარტის მოვლენებს, ძალადობის კულმინაცია იყო როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური ძალადობის, ისე ფაშისტური მოწოდებების, რომ ადამიანები გარიყონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან. სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა აქტივისტების კასტა, რომლებიც მზად არიან წავიდნენ ნებისმიერ ძალადობაზე და ამას ამართლებენ რაღაც მიზნებით. სხვათა შორის, აქ პარალელი შეიძლება გაივლოს, მათ შორის პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით, აქაც იგივე მოტივაცია გვესმის, რომ თუ ჩათვლიან, რომ მიზანი არის დიადი, ამ შემთხვევაში საშუალებაც გამართლებულია. თუ ჩათვლიან, რომ მიზანი ასეთი ვიზიტებისას არის ევროკავშირთან დაახლოება, მაშინ კონსტიტუციის დარღვევა, როგორც საშუალება, მისაღებია. თუ ჩათვლიან, რომ საჭიროა რაღაც კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა, მაშინ საშუალება, რომ ადამიანს ამის გამო ცეცხლი წაუკიდო და ლამის ცოცხლად დაწვა, გამართლებულია. ეს არის ბოლშევიკური მიდგომების მქონე აქტივისტების ჯგუფი ჩამოაყალიბა რადიკალურმა ოპოზიციამ და ეს არის მნიშვნელოვანი და როგორც ჩანს, ეს ჯგუფი არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო აგრესიული გახდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დაპირისპირება ჩოხატაურის ცენტრში 3 სექტემბერს იმ დროს მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობას, საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ. მათი ინფორმაციით, პარტიის წევრებს, ქართული ოცნების მიერ დაორგანიზებული ჯგუფი დაესხა თავს. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ჩოხატაურის მერი.
0
0