22/11/2021
12:50
პოლიტიკა
როგორც იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველანაირი საფუძველი მონახოს, რათა საკუთარი ლიდერი ციხიდან გამოიყვანოს.
„როგორც იურისტი გეტყვით, რომ სასჯელის გადავადებას თავისი სამართლებრივი საფუძველი აქვს, რაც გულისხმობს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს ისეთი და ადამიანს ისეთი დაავადება უნდა ჰქონდეს, რომლითაც სასჯელის მოხდა არის შეუძლებელი. არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილს აქვს თუ არა ისეთი დაავადება, რომ მისი სასჯელის მოხდა ციხეში იყოს შეუძლებელი. თუ მას ასეთი დაავადება დაუდგინდება, რასაც არ ვუსურვებ, შეიძლება, ეს იყოს სასჯელის გადავადების საფუძველი. როგორც პოლიტიკოსი კი გეტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველანაირი საფუძველი მონახოს, რათა საკუთარი ლიდერი ციხიდან გამოიყვანოს. ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ მეორე საკითხია, ამის შესაძლებლობას იძლევა თუ არა კანონმდებლობა და ამ ქვეყანაში არის თუ არა საზოგადოების უმეტესობა იმის მომხრე, რომ სააკაშვილმა პასუხი არ აგოს იმ დანაშაულზე, რაც მისჯილი აქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა: „მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ, გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში“.
0
0