09/04/2023
20:43
პოლიტიკა
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ დაესწრო სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ ღონისძიებას:
„მე მივედი სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე ის, როგორც პოლიტიკოსი არ მომწონს. სავარაუდოდ მასაც არ მოვწონვარ როგორც ჟურნალისტი, და ეს არ არის პრობლემა. ზოგადად, ადღლეზილობის და გადაზელილობის მომხრე არ ვარ, არც ილუზიებით ვიკვებები და პოლიტიკოსების მიმართაც საკმაოდ სკეპტიკური ვარ. ყოველთვის დისტანცირებული ვარ გაუგებარი ტუსოვკებისგან. თუმცა, ალბათ უნდა განვმატო, რატომ ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტთან მისვლა საჭირო იყო: დღეს ისტორიულ მომენტში და ძალიან დიდ გასაჭირში ვართ. გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის თაობების ოცნება დაასამაროს და საქართველო რუსეთის გუბერნიად აქციოს. მეორეს მხრივ, გვაქვს ისტორიული შანსი, თაობების ოცნება ავიხდინოთ და ეს ქვეყანა სამშვიდობოზე გავიყვანოთ. ახლა როგორმე უნდა გამოვძვრეთ ამ ურთულესი სიტუაციიდან, ბეწვის ხიდზე გავიაროთ და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. მართლა ისეთ დრამატულ მომენტში ვართ, როგორიც ქვეყნების ცხოვრებაში იშვიათია. ეს არის კონტექსტი. და სალომე ზურაბიშვილი აშკარად გრძნობს ამ კონტექსტს. სიტყვიერად გამოთქვა სურვილი, იყოს ხალხის გვერდით. ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვებით, თუმცა ეს სიტყვა თუ არ დავუფასეთ და ცოტა არ გავამხნევეთ, საქმე არ მოყვება ჩემი აზრით. ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება სალომე ზურაბიშვილი და მასაც ვჭირდებით, რომ სწორი ნაბიჯები გადადგას. იქნებ რამე გამოვიდეს. რა თქმა უნდა, გვარამიას შეწყალება არის ის, რის გარეშეც მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება პრეზიდენტის სხვა რომელიმე ნაბიჯი ფასეული იყოს და ეს არ შეიცვლება. მოკლედ, მზად ვარ სალომე ზურაბიშვილის ყველა შეკრებაზე ვიარო, სახლში მივდე, საჭმელი გავუკეთო, იატაკი მოვუხეხო, საღამოს ფანჯრებთან სერენადები ვუმღერო, ოღონდ ახლა, ამ რთულ მომენტში უშეცდომოდ გაიაროს.“
0
0