25/12/2021
16:26
სხვადასხვა
კარლ VI ვალუას დინასტიიდან 1368 წელს დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 12 წლის ასაკში დედ-მამა გარდაეცვალა და მაშინვე სამეფო ტახტზე აიყვანეს. მისი ძალაუფლება ფორმალური იყო, რადგან სამეფოს რეგენტები - ბიძები და ბიძაშვილები მართავდნენ. 17 წლის ასაკში კარლმა დაქორწინება გადაწყვიტა და არჩევანი ბავარიის ჰერცოგის, სტეფანე III -ის მშვენიერ ქალიშვილზე, იზაბელაზე შეაჩერა. ამბობენ, რომ ეს სამეფო წრეებში მიღებული გარიგებით ქორწინება კი არა, ნამდვილი სიყვარული იყო. იზაბელა იმდენად ლამაზი იყო, რომ კარლს პირველივე დანახვაზე შეუყვარდა, მაგრამ კარლი ერთადერთი ადამიანი იყო სამეფოში, რომელსაც გერმანელი დედოფალი უყვარდა. იზაბელა სამეფო კარზეც და მოსახლეობაშიც ყველას სძულდა. ამბობდნენ, რომ ის ავხორცი და უზნეო ქალი იყო, რომელიც საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლიდა, თუმცა მეფე-დედოფლის ცოლქმრული ცხოვრების დასაწყისი საკმაოდ ბედნიერი იყო.
ყველაფერი 1392 წლის გაზაფხულზე შეიცვალა, როდესაც 24 წლის კარლს უცნობი დაავადება აღმოაჩნდა, რომელმაც ლოგინად ჩააგდო. ცნობილია, რომ ავადმყოფ მეფეს მაღალი სიცხეები ჰქონდა და თმა და ფრჩხილებიც კი დასცვივდა. სამეფო კარის ექიმებმა მეფეს მალარიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მედიცინისთვის უკვე კარგად იყო ცნობილი, სინამდვილეში, კი ეს სავარაუდოდ, ტიფი ან ენცეფალიტი იყო. დროთა განმავლობაში მეფე ავადმყოფობის შეტევებს მიეჩვია და თავის მოვალეობებს დაუბრუნდა.
1392 წლის ზაფხულში ავადმყოფი კარლი ბრეტონის ჰერცოგის მიწებზე ჯანყებულთა წინააღმდეგ ლაშქრობაშიც კი წავიდა, თუმცა სიგიჟის პირველმა ნიშნებმა თავი სწორედ ამ სამხედრო კამპანიის დროს იჩინა.
კარლმა, რომელსაც მანამდე სადისტური მიდრეკილებები არასოდეს გამოუვლენია, არა მხოლოდ მეამბოხე არისტოკრატების, არამედ მათიმსახურების სიკვდილით დასჯაც ბრძანა. მეფის ბრძანებით, ადამიანები სიკვდილით დასჯამდე სასტიკად აწამეს, შემდეგ კი მათი გვამები ქალაქის ქუჩებში გამოფინეს. იმავე ზაფხულს, მეფის ქვეშევრდომებმა ბატონის აშკარად არაადეკვატური საუბარი და მოქმედებები შენიშნეს. ერთხელ, სიგიჟის მორიგი შემოტევის დროს კარლი შეძახილებით „სიკვდილი მოღალატეებს“ საკუთარ მცველებს ხმლით დაერია. შეშლილი მეფის გაკავება მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეძლეს, მანამდე კი კარლმა სასახლის დერეფნები მოკლულებით გაავსო.
სიგიჟის შემოტევის შემდეგ, მეფე სრულ აპათიაში ჩავარდა და გონება დაკარგა. კარლი ორი დღის მანძილზე გაუნძრევლად იწვა და მხოლოდ სუსტი გულისცემით ხვდებოდნენ, რომ ცოცხალი იყო. იმდროინდელ ჩანაწერებში შემორჩენილია პაციენტის მდგომარეობის აღწერა: „იმ ორდღის მანძილზე, სანამ უგონო მდგომარეობაში იყო, მეფის სხეული გაცივდა. ოდნავი სითბო მხოლოდ მკერდთან იგრძნობოდა და გული ოდნავ ფეთქავდა“.
მეფის გადარჩენის იმედი თითქმის გადაწურული იყო, როდესაც ის მოულოდნელად გონს მოვიდა, მაგრამ ვერავის ცნობდა და ძალიან სუსტად იყო. ექიმებმა კარლს დასვენება და გაძლიერებული კვება დაუნიშნეს. ის თანდათან გამოჯანმრთელდა და სიგიჟის შემოტევებიც გაუქრა, მაგრამ სამწუხაროდ, მალე მოხდა მოვლენა, რომელმაც საფრანგეთის მეფე მთლიანად შეშალა.
ერთ მშვენიერ დღეს მეფის მეუღლემ, იზაბელამ ბალ-მასკარადის მოწყობა გადაწყვიტა, რომელშიც თავად ჩარლზსაც უნდა მიეღო მონაწილეობა. მონარქმა და მისმა ხუთმა კარისკაცმა ველურების კოსტიუმები ჩაიცვეს და სტუმრებთან ერთობოდნენ, როდესაც ერთ-ერთის ტანსაცმელს ჩირაღდნის ნაპერწკალი მოხვდა და აალდა. ერთი წუთის შემდეგ ცეცხლი ყველას, მათ შორის უიღბლო მეფის კოსტიუმსაც მოედო. კარლის სიცოცხლე 15 წლის ჰერცოგინია ჟანა ბერიმ იხსნა. გოგონამ ოსტატურად დააგდო მეფე მიწაზე და კაბის კალთა გადააფარა. ცეცხლი ჟანგბადის გარეშე მალე ჩაქრა და მეფე სიკვდილს მცირე დამწვრობით გადაურჩა, თუმცა მისი ოთხივე კარისკაცი ცოცხლად დაიწვა. ტრაგედიამ ისე იმოქმედა კარლზე, რომ სიგიჟის შეტევები განუახლდა, თანაც უფრო მძიმე ფორმით. კარლი საკუთარ ცოლს ვეღარ ცნობდა, არავის ენდობოდა და ადამიანებს ემალებოდა. თანდათან სიგიჟის შეტევები გახანგრძლივდა, ამიტომ „ტვინზე ზეწოლის შესამსუბუქებლად“ სამეფო კარის ექიმებმა მეფეს თავის ქალის ტრეპანაცია ჩაუტარეს. ამან შედეგი გამოიღო, მაგრამ მხოლოდ ექვსი თვით..
მინის მეფე
1395 წელს კარლ VI დევნის მანია განუახლდა. მას ყველასი, მათ შორის, საკუთარი ცოლისაც ეშინოდა. „ვინ არის ეს ქალი და რა უნდა ჩემგან? გამათავისუფლეთ მისი დევისგან“ - გაყვიროდა კარლი დაუსრულდებლად. ექიმები მეფის განკურნებას სხვადასხვა გზით ცდილობდნენ, მაგრამ შედეგი არაფერს მოჰქონდა. რაღაც დროის შემდეგ სამეფო კარის წევრებმა შენიშნეს, რომ რელიგია შეშლილი მეფის მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებდა. მოულოდნელად, საფრანგეთის მონარქი წარმოუდგენლად მორწმუნე გახდა და ერთი მონასტრიდან მეორეში მოგზაურობა დაიწყო. კარლი დღეების, კვირების და თვეების მანძილზე ხატებისა და წმინდანთა ნაწილების წინაშე დამხობილი ლოცულობდა და ... უკეთ ხდებოდა. იყო დღეები, როდესაც ჯანმრთელ ადამიანს ემსგავსებოდა და საღად მსჯელობდა, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა. სინამდვილეში მეფის სიგიჟემ გაცილებით რთული ფორმა მიიღო. ხანდახან კარლს ეგონა, რომ მინისგან დამზადებული იყო და გარშემომყოფებს ევედრებოდა, შემთხვევით არ გაეტეხათ. მეფემ „მსხვრევადი სხეულის“ დასაცავად ტანზე ბალიშები შემოიკრა და ტანსაცმელში ლითონის ღეროები ჩაიკერა.
1405 წელს მეფე მთლიანად შეშლილი იყო! მან ტანსაცმლის გამოცვლაზე, ბანაობაზე და ზოგადად, პირად ჰიგიენაზე უარი თქვა და ქუჩის მაწანწალას დაემსგავსა. მეფეს პარაზიტებით დაესია და ტანი წყლულებით დაეფარა. ექიმის რჩევით, სასოწარკვეთილმა დიდებულებმა კარლისთვის შოკური თერაპიის სეანსის ჩატარება გადაწყვიტეს - ეშმაკის კოსტიუმები ჩაიცვეს და გონებადაბნელებულს ჯოჯოხეთის ცეცხლით დაემუქრნენ. ეშმაკობამ გაჭრა და კარლმა კარისკაცებს დაბანის, ტანსაცმლის გამოცვლის და წვერის გაპარსვის უფლება მისცა.
მთლიანობაში, კარლ VI სიგიჟით დაახლოებით 30 წლის მანძილზე იტანჯებოდა. ამ დროის განმავლობაში, ქვეყანაში დაბნეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება სუფევდა. საფრანგეთი საჰერცოგოებად დაშლის ზღვრამდე მივიდა. ერთიანი, ძლიერი სამეფო არსებობას წყვეტდა.
სახელმწიფოსთვის ყველაზე სახიფათო გიჟი მეფის განცხადებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დედოფალმა მემკვიდრეები უცხო მამაკაცებისგან გააჩინა.
საბოლოოდ, მოვლენები ერთ-ერთი ყველაზე არახელსაყრელი სცენარით დასრულდა. კარლ VI (შეშლილის) მემკვიდრედ ინგლისის მეფე ჰენრი V, გამოცხადდა, რომელმაც მისი ქალიშვილი ეკატერინე ცოლად შეირთო. ყველასგან მიტოვებული, შეშლილი საფრანგეთის მეფე 1422 წლის 21 ოქტომბერს, სენ-პოლის სასახლეში, რამდენიმე ერთგული კარისკაცის გარემოცვაში გარდაიცვალა.
ექიმები და ისტორიკოსები კარლ VI-ის მრავალწლიანი სიგიჟის მიზეზებზე დღემდე კამათობენ. ერთ-ერთი ვერსიით, მეფეს შეშლილობა მემკვიდრეობით, ბურბონების ხაზით გადაეცა. სხვა ვერსიით, უბედურ მეფეს რომელიღაც ახლობელი წლების განმავლობაში წამლავდა, თუმცა მომხდარის ნამდვილი მიზეზების დადგენა დღეს სავარაუდოდ, შეუძლებელია.
0
0