12/04/2023
16:22
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია BBC-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი Milton-ის ჯგუფთან არის დაკავშირებული, რომელმაც ხალხს თაღლითური გზით მილიარდამდე დოლარი გამოსძალა.
მისი თქმით, კეზერაშვილის მსგავს „დონორებს“ მედიაზე დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეთ.
„ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული ბრალდებებია სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიისგან. იმ სამყაროში, სადაც ეს ხდება - გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ევროპა, ზოგადად ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით არსებობს კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ, როგორც ბრალმდებელს შეუძლია, რომ ეს დამოუკიდებელ სასამართლოში „შეამოწმოს“, ისე ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, შეუძლია, რომ ეს საკითხი სასამართლოში წაიღოს და გაარკვიოს ეს ამბავი.
ჩემი პერსონალურად და „ევროპული საქართველოს“ კონფლიქტი, დაპირისპირება ბატონ კეზერაშვილთან, ამ სერიოზული ამბის მიუხედავადაც კი არსებობს. ჩვენ, მე ვთვლი, რომ ნებისმიერი მედია-დონორის ან ზოგადად დონორის დიდი გავლენა და ამ ფორმის გავლენა ამ მეთოდებით, კარნახით და რჩევებით, პოლიტიკურ პროცესზე ან პოლიტიკურ სისტემაზე, არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არის პრობლემა ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებაშიც“, - აცხადებს ბოკერია.
0
0