
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, „მაიმუნის ყვავილის“ [mpox-ის] ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 450-ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილად გამოცხადდა.
როგორც BBC-ი წერს, ქვეყნის აღმოსავლეთით, სამკურნალო ცენტრებში გადაყვანილი ბავშვები ყველაზე მეტად განიცდიან „მაიმუნის ყვავილის“ ზემოქმედებას, რომელიც შეიძლება სასიკვდილო იყოს.
„ვირუსით დაავადებული პაციენტების 75% 10 წლამდე ასაკისაა. „მაიმუნის ყვავილი“ ახალგაზრდებზე განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს მათი ნაკლებად განვითარებული იმუნური სისტემის გამო. ასევე მდგომარეობას ართულებს ბანაკის გადატვირთულობა, რომელიც რეგიონში, კონფლიქტის გამო სახლებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის შეიქმნა. mpox-ის გავრცელების ერთადერთი საშუალება ძალიან მჭიდრო კონტაქტია, ბავშვები კი ყოველთვის ერთად თამაშობენ. მათ ნამდვილად არ აინტერესებთ სოციალური დისტანცია. ამ გზით, ვირუსი ყოველდღიურად ვრცელდება. სიტუაცია მართლაც მწვავეა და ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების უფასოდ ხელმისაწვდომობა. გარდა ამისად, [უმარტივესი] მოქმედებაა საყოფაცხოვრებო დონეზე ჰიგიენის გაუმჯობესება, შესაბამისად, ვირუსის გადაცემის რისკი მცირდება,“ - განუცხადა BBC-ს საქველმოქმედო ორგანიზაცია Medair-ის ექიმმა პიერ-ოლივიე ნგადჯოლემ.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ რეგიონებში, „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამი Clade 1b გავრცელდა და მეზობელ ქვეყნებსაც მოედო. გასულ კვირას, როგორც კონგოს მთავრობამ განაცხადა, იმედოვნებს, რომ „ვაქცინების გამოგზავნა მალე დაიწყება აშშ-დან და იაპონიიდან. მანამდე კი მოსახლეობა ვაქცინის გარეშე რჩება,“ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის ეპიცენტრშია.
0
0