08/06/2023
14:31
პოლიტიკა
„ლელოს“ არცერთ ინიციატივას არც ქუჩაში და არც პარლამენტში მხარდაჭერა არ აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ თავად ვერ გაურკვევია, რა უნდა.
„არჩევნებზე „ლელომ“ ახლა 20 მილიონი დახარჯა, პარლამენტში ოთხი ადამიანით შემოვიდნენ და დარჩნენ ორნი. პარტიის თავმჯდომარე პარლამენტიდან წავიდა, მეორე ლიდერს კი მოუწია პარლამენტის დატოვება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის გამო. ვინც დარჩნენ, ისინი რადიკალურ ოპოზიციაში არიან და დადიან „ნაციონალური მოძრაობის“ ჭკუაზე. ახლა „ლელოს“ ამომრჩეველმა რა უნდა იფიქროს, ოთხი კაცით შევიდნენ, პარტიის თავმჯდომარე თავის მოადგილიანად უკან გამოვარდა, პარლამენტში აღარ მინდაო. ხალხმა რისთვის უნდა აირჩიოს, მერე ისევ უკან გამოვიდეს ნახევარი ფრაქცია. ფრაქციაც ვერ შექმნეს, ორი კაცი დარჩა და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგზე. იმიტომაც არის, რომ მათ არცერთ ინიციატივას არც ქუჩაში და არც პარლამენტში მხარდაჭერა არ აქვს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია.
„ახლა დაიწყეს საუბარი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტზე მაშინ, როდესაც საზოგადოებას ეს კინო ნანახი გვაქვს. ორი თუ სამი წლის წინ ჯერ ვაშაძემ დაასახელა, მე უნდა ვიყო ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატიო და მერე მიხეილ სააკაშვილი დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერობის კანდიდატად. ვაშაძეს ისე მოუწია, რომ პრემიერობის კანდიდატობა კი არა, მარტო მანჯგალაძე შერჩა ხელში პარლამენტში, რომ შემოვიდა ოთხი კაცით. პრემიერობის ნაცვლად კი სააკაშვილი „ვივამედში“ გაამწესა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, იმდენი ქნა. ეს გავლილი კინოა. აქედან გამომდინარეობს, რომ ისინი არასერიოზულად იქცევიან. რომელი მინისტრობის და მინისტრების პორტფელების შეთანხმებაზეა საუბარი, ტრიბუნა ვერ გაუყვიათ, ვინ უნდა გააკეთოს განცხადება. საზოგადოებამ ეს საჯაროდ ნახა. ერთმანეთის კანონპროექტებს არ უჭერენ მხარს. მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი არ დაუჭირა ხატიას და რომანის პოლიტიკურ ჯგუფს იმიტომ, რომ ამ პროექტით პოლიტიკურ ჯგუფს მე ვერ შევქმნიო. რომელ მინისტრების პორტფელებს გაინაწილებს ეს ხალხი, ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.
0
0