
„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას გადაცემა „რეაქციის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის გუნდების დაპირისპირებაზე ჰკითხეს.
ნიკა გვარამიას შეფასებით, ეს პროცესები პარტიისთვის სასარგებლო არ ყოფილა.
„სამწუხაროდ, ამ პროცესებს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. მე არ მგონია, რომ ის, რასაც ჩვენ ვუყურეთ ამ თვეების განმავლობაში, რაიმე თვალსაზრისით სასარგებლო ყოფილიყო ამ პარტიისთვის. ეს იყო ძალიან უსიამოვნო, აღსაქმელად.
მაგრამ გულწრფელად ვიტყვი ერთ რამეს - როგორც ამ პარტიის ამომრჩეველმა, მე ამას ძალიან ფილოსოფიურად შევხედე. მაშინ, ჩემი პოზიცია იყო ამგვარი, რომ დაველოდები მოვლენების განვითარებას და მერე ამის მიხედვით გადავწყვეტ მივცე ხმა ამ პარტიას კვლავ, თუ არ მივცე. ახლა თუ იმას მკითხავთ, ვაძლევ თუ არა ამ პარტიას ხმას კვლავ, ამ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, ამ წუთში ასეთი განწყობა მაქვს.
მაგრამ ზოგადად, მე ამას შევხედე ამგვარად - პარტიამ, ყველამ ერთად აირჩია ეს გზა, საკუთარი განვითარების. მომწონს ეს თუ არ მომწონს, ამას პატივს ვცემ, ეს მათი გადასაწყვეტი იყო და მათი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. მე ვგულისხმობ დაპირისპირების პროცესს. მე მივიღებ იმ მოცემულობას, რასაც ვხედავ და როგორც ამომრჩეველი, ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
0
0