-share.jpg)
ალბათ, ყველას გვსმენია იაპონურ მუშაობის კულტურაზე და სტერეოტიპულადაც კი, უკვე გამჯდარი გვაქვს ფაქტი, რომ იაპონელები შრომისმოყვარეები არიან. რეალურად, ასეც არის და სტატისტიკურად, მართლაც, ბევრს მუშაობენ. თუმცა, შრომისმოყვარეობის ნიღბის უკან, რეალურად, ძალიან დიდი პრობლემა დგას იაპონურ საზოგადოებაში.
სიტყვა „კაროში“ წარმოიქმნა 70-იანი წლების იაპონიაში და ნიშნავს სიკვდილს, გულის შეტევით, ან სუიციდით, რომელიც გამოწვეულია ზედმეტად ხანგრძლივი შრომით. იმდენად აქტუალური და სისტემატიური გახდა მსგავსი ტიპის სიკვდილი იაპონიაში, რომ ახალი სიტყვაც კი შეიქმნა. ამ სიტყვას, არცერთ ენაში სინონიმი არ გააჩნია.
„კაროში“ გამოწვეულია ტოქსიკური იაპონური შრომის კულტურით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა. იაპონიაში არსებობს ერთგვარი ტრადიცია და დასაქმების სტილი, ეგრეთ წოდებული „Membership based recruitment system“, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულები, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ფაქტობრივად, მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფირმაში. თავიანთ თავებს მიიჩნევენ ამ ფირმის, კომპანიის საკუთრებად. მრავალი დასაქმებულის თვითმიზანია კარიერული წინსვლა და სამსახურში მაღალ საფეხურზე გადანაცვლება. ამისათვის მზად არიან ფირმებს, კომპანიებს, დაუმტკიცონ თავიანთი ერთგულება და თვალი დახუჭონ დამატებით არალეგალურ შრომაზე. ხშირ შემთხვევებში, დასაქმებულები თავისუფალ დროსაც კი, თანამშრომლებთან და მაღალ საფეხურზე მყოფ პირებთან ატარებენ, რათა მეტი შანსი ჰქონდეთ კარიერული წინსვლისათვის.
.png)
ამ მენტალიტეტს ემატება კომპანიების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობა დასაქმებულების მიმართ და მათი ექსპლუატაცია. მშრომელთა 10%-40% იმდენად არის მიმაგრებული სამსახურსა და ხელფასზე, რომ რაც არ უნდა არაჰუმანურ პირობებში უწევდეთ შრომა, მათ არ შეუძლიათ ასე უბრალოდ სამსახურიდან სამსახურში გადასვლა. რაც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ აქცევს მშრომელთა კლასს. სწორედ ამ მიზეზების გამო, იაპონიაში ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი „კაროშის“ შემთხვევაა, რაც ამ ტიპის სიკვდილისთვის დიდი რიცხვია.
„კაროშის“ მსხვერპლთა დიდი ნაწილი კვირის მანძილზე მუშაობდა 60-70 საათს.
.png)
იაპონიის მთავრობა, რა თქმა უნდა, ხედავს ამ პრობლემას და 2018 წელს გარკვეული რეფორმებიც კი შემოიღო,თუმცა კომპანიებზე და სამუშაო საათებზე ამას დიდი გავლენა არ ჰქონია. ბიზნესები ძალიან მარტივად უვლიან გვერდს რეფორმებს. მთავრობასაც ფინანსურ სარგებელი აქვს იაპონური კომპანიების წარმატებით და დიდ ყურადღებას არ ამახვილებს „კაროშის“ კულტურაზე.
2016 წელს იაპონაში 3.3 მილიონი კომპანია საქმიანობდა. ამის საპირწონედ კი მხოლოდ და მხოლოდ 3300 შრომის ინსპექტორი მუშაობდა, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის შრომის ბაზრის გაკონტროლებას. კომპანიებში უბრალოდ არ არსებობს პირადი მონაცემები, თუ ვინ რამდენი საათი იმუშავა და ლოგიკურია, მათ შრომის ინსპექცია ვერ, არ აჯარიმებს. კომპანიები კაროშის შემთხვევებიდანაც კი ძალიან მარტივად ძვრებიან, რადგან არ არსებობს მტკიცებულებები და დოკუმენტები, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ რა პირობებში უწევდა დაღუპულს შრომა.
კორონავირუსის პანდემიამ ეს პრობლემა გააღრმავა. ონლაინ რეჟიმში მუშაობამ დამსაქმებლებს საშუალება მისცა კიდევ უფრო დაეტვირთათ დასაქმებულები.
იაპონელი, „შრომისმოყვარე ერის“ იმიჯის მიღმა, მრავალი სერიოზული პრობლემა დგას, რომლის გადაჭრასაც მთავრობა არ ჩქარობს, რადგან სწორედ ამ დაჩაგრულ ხალხზე დგას ქვეყნის ეკონომიკა.
https://www.byarcadia.org/post/japan-s-extreme-work-culture-might-be-coming-to-an-end
https://www.wired.co.uk/article/karoshi-japan-overwork-culture
https://medium.com/跌跌撞撞/聽寫-why-does-japan-work-so-hard-cnbc-explains-3c36e128c2ad
ავტორი : ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0