
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. გამოკითხვაზე ორგანიზაცია „კანვას - საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინი გოგიბერიძე დაიბარეს. ცნობილია, რომ გოგიბერიძე სუსში მისვლას არ აპირებს და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს.
„ქრონიკა“ „კანვას - საქართველოს“ ხელმძღვანელს, გიორგი მელაძეს გაესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მათი ყველა ლექცია საჯარო ინფორმაციაა და ორგანიზაციის მიზანია ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს. მან გოგიბერიძის გამოკითხვაზე დაბარებაზეც ისაუბრა.
„ჩემი კოლეგაა დაბარებული გამოძიების საქმესთან დაკავშირებით, რაზეც სუსს ჰქონდა 2 პრესკონფერენცია. ნინი თავად გააკეთებს განცხადებას. ამ ეტაპისთვის მან სუსთან დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს ღია სასამართლო წესით დაკითხვა. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ძალადობრივი პროტესტის თავიდან არიდება, არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების წარმოება. თქვენი მიზანი ახლა არის ტრაქტორზე ლაპარაკი, ჩემი მიზანია ჯერ იდეა გაგაგებინოთ. “, - აღნიშნავს მელაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ახალი ინფორმაცია გაასაჯაროვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.
მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი, სერბეთის მოქალაქეები გამოკითხეს.
0
0