
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლმა, სოფიო ანდრიაძემ, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ის ამბობს, რომ ერთადერთი რასაც ითხოვს, მისი სახლში ჯანმრთელად დაბრუნებაა.
„ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული, საშინაო ფორმით არის წასული...
დამიბრუნონ მეტს არაფერს ვითხოვ, მშვიდობიანად. თავისი პატარა შვილები ელოდებიან სახლში. ის არის ჩვენი შემომტანიც, გამტანიც და ყველაფერი. მეტის თქმა არაფრის არ შემიძლია.
არაფერი ვიცი[ლევან დოთიაშვილის] ჯანმრთელობის შესახებ. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, რომ დამიბრუნონ, მეტს არაფერს ვითხოვთ. ჯანმრთელი დაუბრუნონ თავის შვილებს“, - თქვა ოკუპანტების მიერ გატაცებულმა ლევან დოთიაშვილის ცოლმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრებლების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური. რუსმა ოკუპანტებმა ამ დროს დააკავეს ლევან დოთიაშვილიც.
0
0