07/08/2023
11:48
პოლიტიკა
მინდა, შევეხო ერთ ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებით მიზანმიმართულად გავრცელდა, თითქოს მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და მისი საშუალებით ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ტყუილი, არასწორი ინფორმაცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით გააკეთა უკვე განმარტებები და საზოგადოებას უთხრა სიმართლე.
"ამ საკითხზე მე მომმართა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“, რომ მიმეცა ნებართვა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოეპოვებინათ, რომელიც შოვიდან ჩემი ოჯახის გამოყვანას ასახავს. რა თქმა უნდა, მე მივეცი თანხმობა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხებში მუშაობს და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. იყო ასევე ბევრი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია და მათაც თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს, რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგან აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ არის, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება ანგრევს და აზიანებს ჩვენს საზოგადოებას და ხვალინდელ დღეს.
როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე როგორც საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, „ქრონიკამ“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ოფიციალურად გამოითხოვა ვიდეო კადრები, საუბარია, სასტუმრო Sunset Shovi-ს კამერების ჩანაწერებზე.
მასალა კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ სასტუმროს ტერიტორიის დატოვების პერიოდს ასახავს 3 აგვისტო 14:08 საათზე.
კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები კურორტს საკუთარი ავტომობილით ტოვებენ.
0
0