"იმედის“ ჟურნალისტი ლინა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
"იმედის“ ჟურნალისტის მიმართ აქციის მონაწილეები აგრესიას იჩენდნენ. ჟურნალისტი უსაფრთხო ადგილზე სამართალდამცველებმა გადაიყვანეს, თუმცა აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება და იგი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი“, – აღნიშნულია „იმედინიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"იმედინიუსმა“ თავად ჟურნალისტის კომენტარიც გაავრცელა:
"შემოვედი მუცლისა და გულმკერდის, ნეკნებისა და მუცლის ღრუს არეში საკმაოდ ძლიერი ტკივილით, ისეთით, რომ ვერ ვსუნთქავდი და ვერ ვმეტყველებდი. ეს დამემართა იმის ფონზე, რომ უკან მედგა 3 ბიჭი, რომლებიც ჩემს ოპერატორს ეუბნებოდნენ, რომ იყო მონა და რუსის მორჩილი, რა დროსაც ჩვენ კამერა შევატრიალეთ და მათ გვითხრეს, რომ მათი სახეები არ გამოვაჩინოთ. შემდეგ უკვე თითქოს ალყაში ვიყავი. რომ გავიხედე, მარტო ჩემი მიკროფონი ჩანდა და მედია არ იყო გარშემო. მაწვებოდნენ ყველა მხრიდან, მათ შორის ჩემზე ორჯერ და სამჯერ მაღალი ადამიანები, კაცები. ყელში მაწვებოდნენ. ხელითაც, მკლავითაც და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ვერ მივსულიყავი პოლიტიკოსებამდე. მე ვხედავდი პოლიტიკოსებს, რომლებიც არ მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს, რომ რამენაირად დაემშვიდებინათ ისინი. შემდეგ მახსოვს, რომ პოლიციამ გადამიყვანა მათ მხარეს და დამსვეს სკამზე, მომაწოდეს წყალი და მას შემდეგ, რაც გამოვედი, ისევ იყო შეძახილები და საკმაოდ ცუდად მოგვიხსენიებდნენ მე და ჩემს ოპერატორს“, - ამბობს ჟურნალისტი.
0
0