25/04/2023
15:18
პოლიტიკა
„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს შეფასებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ ეკონომიკური საკითხებია მთავარი, რაც ხალხს აწუხებს.
მისივე თქმით, პოლიტიკოსების დღის წესრიგში უნდა იყოს ისეთი საკითხები, რაც საზოგადოებას აინტერესებს.
„ვერავინ იტყვის, რომ IRI-ის ასეთი კვლევები ოდესმე ერთი ერთში დამთხვევია პოლიტიკურ რეიტინგებს და არჩევნების შედეგებს, მაგრამ ამ კვლევების ღირსება, სიკეთე არის ის, რომ ტრენდებს გვაჩვენებს. მყარად ჩანს, რომ ეკონომიკური საკითხებია მთავარი, რაც ადამიანებს აწუხებთ – ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა. ასევე, მყარად ჩანს, რომ ადამიანები ვერ ხედავენ კავშირს თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და იმ საკითხების უმრავლესობას შორის, რაც პოლიტიკურ თემებად განიხილება. ესეც წესით, სიგნალი უნდა იყოს პარტიებისთვის, რომ ნაცვლად ხანდახან მოგონილ თემებზე აპელირებისა, ვისაუბროთ ისეთ რაღაცებზე, რაც ადამიანებს მართლა ყოველდღიურად აინტერესებთ. ამის მაგალითია „გირჩის“ აქცენტი ჯარის რეფორმაზე, რომელიც 200 000-ს ადამიანს ეხება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ IRI-ის კვლევები ამ მხრივ ტენდენციურია.
„წინა კვლევაზეც ორი პროცენტი დაგვიწერა IRI-მ. ეს კვლევები რეალურ რეიტინგებს არ დებს, დებს ტენდენციურს და ამ ტენდენციებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გირჩი“ სტაბილურად ინარჩუნებს თავის ამომრჩეველს. „ნაციონალურ მოძრაობას“ წინა კვლევიდან რეიტინგი მომატებული აქვს. ყველაზე დიდი ვარდნა აქვს „ქართულ ოცნებას“ , რომელიც ლოგიკურია, მარტის აქციებს უკავშირდება. თითქმის ექვსპროცენტიანი ვარდნა აქვს, ასეთი დაბალი რეიტინგი არასდროს ჰქონიათ. მარტის შემდეგაც ისეთი არაფერი მომხდარა, რაც გამოასწორებდა მათ რეიტინგს. პირიქით, მეტი ზიანი ადგებათ, იქნება ეს მოსამართლეთა დასანქცირება, ქოლცენტრების ამბავი თუ სხვა. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები მმართველი პარტიიდან აქედან აზრს გამოიტანენ, რადგან დღე არ გავა, რაიმე არ აუფეთქდეთ. ადამიანებისთვის ევროკავშირი არის კარგი ცხოვრების სინონიმი და ნებისმიერი რამ, რაც მათ სურვილს, უკეთესი ცხოვრების წარმოსახვას შეეწინააღმდეგება, შემდეგ აისახება რეიტინგში. „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი ასე გაუფუჭდა მას შემდეგ, რაც ყველაზე დამაზიანებელი რამ გააკეთეს, აგენტების შესახებ კანონი მიიღეს პირველი მოსმენით. გვახსოვს შეფასებები, „ქართული დემოკრატიის შავი დღე“ ეძახეს ჩვენმა მეგობრებმა ამას. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ რომ რეიტინგი შემცირებული აქვს იმის ფონზე, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ევროკავშირი უნდა, ლოგიკურად ახსნადია „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი მოქმედებებით“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი, „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“- ერთი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას, ერთ პროცენტი ნაკლები დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024