11/04/2023
17:03
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თბილისში ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელობის სკვერის სახელდებას ეხებოდა. როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმის თქმა, რომ თბილისის საკრებულო და ხელისუფლება ქართველ გმირებს სათანადო პატივს არ მიაგებს, არასწორია. მან ბოლო წლებში დედაქალაქში განხორციელებული სახელდების სტატისტიკაზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, მინიშნება იმაზე, რომ ქართველ გმირებს ჩვენი კომისია და საკრებულო თუ, ზოგადად, ჩვენი ხელისუფლება არ მიაგებს შესაბამის პატივს და მათი სახელების უკვდავსაყოფად არ ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი შეფასებაა. მხოლოდ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, გადაწყვეტილებები და შედეგები აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებს.
ძალიან მოკლედ რომ გავაკეთო რეზიუმე, საკრებულო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ქუჩებისთვის სხვადასხვა პერიოდში სამშობლოსთვის შეწირული გმირების სახელების მინიჭებას. ბოლო წლების გადაწყვეტილებების საფუძველზე, მაგალითისთვის, გვაქვს აფხაზეთის ომში დაღუპული 76 გმირის სახელობის ობიექტი, 9 აპრილს დაღუპული ყველა გმირის სახელი მივანიჭეთ თბილისის ქუჩებს, მუდმივად ხორციელდება ქუჩებისთვის იუნკერთა სახელების დარქმევა, დღემდე მიმდინარეობს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფა და მხოლოდ წელს თარიღთან დაკავშირებით 15 გმირის სახელი შეემატა ქალაქის ქუჩებს. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არის დროში თანმიმდევრულად განგრძობადი“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა ასევე ოპოზიციის განცხადებას, თითქოს საქართველოს არაფერი გაუკეთებია უკრაინის დასახმარებლად.
„ოპოზიციის განცხადებას თან სდევს ძირითადი პათოსი, სიმბოლურად ეს მაინც გავაკეთოთ უკრაინელებისთვის, თითქოს სხვა არაფერი არ გაკეთებულა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. სამწუხაროა, როდესაც ასე წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას, რადგან თავად უკრაინელები, დარწმუნებული ვარ, გამოხატავენ მადლიერებას იმ დახმარებისთვის, რომელიც ადგილობრივ დონეზე განხორციელდა დედაქალაქის მთავრობის მიერ. ეს დახმარება ბიუჯეტშიც და იმ ციფრებშიც ჩანს, რომელიც ჩვენ გავიღეთ უკრაინელების დასახმარებლად. ამიტომ ეს ნარატივი და ბრალდება არის უსამართლო და პოპულისტური“, - დასძინა ნინო ვარდოსანიძემ.
0
0