08/01/2025
11:50
სპორტი
„გალათასარაი“ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონიდან“ ვერ დაიმატებს და ალტერნატივის ძებნა დაიწყო.
თურქული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისა და ევრო 2024-ის თანაბომბარდირის შემცვლელად კლუბმა ამინ ფერი გუირი შეარჩია – საფრანგეთში დაბადებული ალჟირელი ფეხბურთელი, რომელიც „რენის“ ღირსებას იცავს.
მანამდე „გალათასარაის“ გიორგი მიქაუტაძის გადაბირებაში საფრანგეთის ნაკრების, „ლიონისა“ და „გალათასარაის“ ყოფილი თავდამსხმელი ბეფეტიმბი გომისი ეხმარებოდა.
„გომისმა ქართველ ფეხბურთელს განუმარტა, რამდენად დიდი კლუბია „გალათასარაი“. მოუყვა მის მიღწევებსა და გარემოზე“, – ეს ფრაზა ბევრმა თურქულმა გამოცემამ გაავრცელა.
ამასობაში, გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ გულშემატკივრებს მიმართა და მოუწოდა, „პარკ ლიონ ოლიმპიკზე“ („ლიონის“ საშინაო არენა) მდებარე საკლუბო მაღაზიაში 8 იანვარს შეიკრიბონ და საქველმოქმედო აუქციონში მიიღონ მონაწილეობა, სადაც მოთამაშეთა ავტოგრაფებიანი მაისურები გაიყიდება.
ეს ფაქტიც მეტყველებს, რომ ქართველი თავდამსხმელი „ლიონის“ დატოვებას არ აპირებს, ხოლო კლუბი მას ალეკსანდრე ლაკაზეტის მემკვიდრედ განიხილავს.
0
0