04/09/2023
16:37
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა UNIAN თურქულ მედიაზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს სათაურით „გაერო პუტინს ეთამაშება - მედიამ გაარკვია, რას სთავაზობენ აგრესორს მარცვლეულის დერეფნის აღდგენის სანაცვლოდ“.
„გაერომ მარცვლეულის დერეფნის შეთავაზებების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელიც „მარცვლეულის ინიციატივის“ აღდგენას უნდა დაედოს საფუძვლად. ამის შესახებ Anadolu Ajansı-ს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთად მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია რუსული ბანკის (Россельхозбанк) ევროპული შვილობილის, „ზირაატის“ ჩართვა SWIFT-ის სისტემაში და ევროპაში სასუქების მწარმოებელი რუსული კომპანიების გაყინული აქტივების განბლოკვა“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც UNIAN თურქულ მედიაში გავრცელებულ მასალაზე დაყრდნობით წერს, „შეთანხმების ალტერნატივად წარმოდგენილ სხვა ფორმულები პრობლემურია როგორც უსაფრთხოების, ისე ღირებულების მხრივ“.
„რუსეთი თურქეთში 1 მილიონი ტონა მარცვლეულის გაგზავნას, კატარის ფინანსური მხარდაჭერით თურქეთში მის გადამუშავებას და შემდეგ, ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში გაგზავნას გვთავაზოს. თუმცა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მოცულობასთან შედარებით, რომელიც წელიწადში დაახლოებით 33 მილიონი ტონა მარცვლეულის გაგზავნის საშუალებას იძლევა, რუსეთის მიერ შემოთავაზებული 1 მილიონი ტონა მარცვლეული საჭიროებაზე გაცილებით დაბალ ზღვარზეა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ მარცვლეულის არასაკმარისი რაოდენობა ქმნის ბაზრებზე ფასების მატების და გლობალური კრიზისის პროვოცირების რისკს.
„ფაქტობრივად, თუ ინიციატივა იქიდან გაგრძელდება, სადაც შეჩერდა, მოსალოდნელია, რომ 220 ათასი ტონა მარცვლეულის გადაზიდვა 1 წლის განმავლობაში 810 ათას ადამიანს გამოკვებავს“, - აღნიშნულია მასალაში.
შეგახსენებთ, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ 2023 წელს გავიდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა სხვადასხვა დროს განაცხადეს, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლება რუსული მხარის მოთხოვნის შესრულებაზე იქნებოდა დამოკიდებული.
0
0