-share.jpg)
22 წლის პალესტინელი, სოჰაიბ მუჰამედ აბუ ამარი 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაიკარგა და ოჯახის თქმით, სავარაუდოდ, ის ჰამასს მძევლად ჰყავს აყვანილი. ისტორიას the New York Times-ი ავრცელებს.
სოჰაიბი თავდასხმის შემდეგ დაკარგულად მიჩნეულთა შორის ერთადერთი პალესტინელია, რომელსაც ისრაელის მოქალაქეობა არ აქვს. ის მხოლოდ ისრაელის ID ბარათის მფლობელია.
ახალგაზრდა პალესტინელმა, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმში ცხოვრობს და მცირე ზომის ავტობუსის მძღოლად მუშაობს, 6 ოქტომბერს ქალაქიდან ღაზის სექტორის საზღვართან ახლოს გამართულ ნოვას ფესტივალზე დამსწრეები ჩაიყვანა. ფესტივალის დასრულების შემდეგ მგზავრები ისევ იერუსალიმში უნდა დაებრუნებინა, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში იქ გაჩერდა. დილით ჰამასმა თავდასხმა წამოიწყო.
"როდესაც უბედურება დაიწყო, შეწუხებულმა შეტყობინება გამოგვიგზავნა. ვუთხარით, რომ ფრთხილად ყოფილიყო და დავარწმუნეთ, რომ მისი უსაფრთხოების დასაცავად პოლიცია ახლოს იყო. დილის 9:22 საათზე თავისი ავტობუსის მიმდებარედ გადაღებული ფოტო გამოგვიგზავნა". - თქვა სოჰაიბის ძმამ, 37 წლის აბდ ალ-მუღანი აბუ ამარმა. მალევე ახალგაზრდა ჰამასს ჩაუვარდა ხელში.
ფოტოს გაგზავნიდან დაახლოებით 10 წუთში აბუ ამარმა დაურეკა ნახევარძმას, რომელმაც NYT-სთან ინტერვიუში ანონიმურობის დაცვა ითხოვა. მისი თქმით, სოჰაიბმა ტელეფონი მიაწოდა ჰამასის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც სთხოვა მისი ძმა გაეთავისუფლებინა: "ვუთხარი "თავი დაანებე. ის ჩემი ძმაა. ნება მიეცი სახლში წავიდეს. დედამისი ელოდება. იერუსალიმიდანაა, მაქედან [ისრაელიდან] არაა".
„მისმინე, ის ჩემთანაა. არ დავტოვებ, ჩემთან დარჩება". - უპასუხა ტერორისტმა სოჰაიბის ნახევარძმას.
სოჰაიბის მშობლები ჰამასის თავდასხმის დროს საუდის არაბეთში, მექაში პილიგრიმობისთვის იყვნენ ჩასული. მათ შვილის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისი უწყებებისგან დახმარებას ითხოვენ.
"ჩემი ძმა შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანია. რომელსაც უბრალოდ სიცოცხლე და სახლში დაბრუნება უნდა", - თქვა აბდ ალ-მუღანი აბუ ამარმა.
0
0