07/08/2023
16:16
საზოგადოება
პოლიციელი, რომელიც შოვიდან ახალი ჩამოსული იყო, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი 48 წლის მირიან ჭელიძეა.
„ადგილობრივის თქმით, შოვიდან ჩამოსული პოლიციელი დაიღუპა ნაკიეთში... როგორც ამბობენ, გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესს...ნათელში იყავი გმირო“,- წერენ სოციალურ ქსელში. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს. ძმის გარდაცვალების შესახებ წერს მირიანის და, ნინი ჭელიძე.
„ეს რა დილა გამითენე ჩემო პატარა და დიდგულიანო ბიჭო...“- წერს ნინო.
ცნობისთვის, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.
0
0