05/08/2023
13:40
საზოგადოება
სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე ჩამოიშალა. ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 25 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
სტიქიის შედეგად გადარჩენილები ადგილიდან უკვე გამოიყვანეს.
ერთ-ერთი გადარჩენილი დავით ჯელაძეა, რომელმაც თავისი 5 წლის დისშვილი მიწის მასიდან ამოიყვანა. იგი „პალიტრავიდეოსთან“ სტიქიის წუთებს იხსენებს - როგორ შეძლეს გადარჩენა.
„ფესტივალზე ვიყავით ასულები და უკან ვბრუნდებოდით უკვე. მინერალურ წყალთან გავჩერდით. ისეთი ხმა ჰქონდა, რომ მარტო ხმა მოკლავდა ადამიანს. შევედით ხიდზე და გადავწყვიტეთ უკან წავსულიყავით, მაგრამ მეორე მხარესაც ჩაკეტილი იყო უკვე გზა. წამებში ყველაფერი გადაფარა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ზოგმა მოასწრო ტყეში შესვლა.
ჩვენ ხიდზე დავრჩით. ვერც წინ მივდივართ და ვერც უკან. გავიხედე და მიწის ტალღა მოდიოდა ჩვენკენ. პანიკა იყო, მთელი ოჯახი იქ ვიყავით. ერთ მასას გაუძლო ხიდმა და მეორეს ვეღარ, მოწყვიტა ეს ხიდი ერთიანად. ჩვენ აღმოვჩნდით შუა მეწყერში და ხელში შემრჩა ჩემი დისშვილი. გავიხედე და ხეები დავინახე - ვიცოდი, რომ იქ უნდა მივსულიყავი. შემოვისვი მაშო მხრებზე და მივდიოდი, თუმცა ძალიან ძნელი იყო. და სწორედ ამ მომენტში კიდევ ერთი ტალღა წამოვიდა მეწყერის და დაგვეჯახა დიდი სისწრაფით, ერთი ის მივხვდი რომ ბავშვისთვის ხელი არ უნდა გამეშვა.
0
0