
ხატები, რომლებიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა პსკოვის რაიონში ამოიღეს, ფარულ ჰექსოგენს შეიცავდა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ხუთსართულიანი შენობის აფეთქებისთვის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ „ეფ-ეს-ბეს“ მიერ მიწოდებულ ვიდეოზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა და „ეფ-ეს-ბემ“ შეაჩერეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და სამრეწველო წარმოების ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანის მცდელობა. აღინიშნა, რომ ეს ტვირთი ხატებში იყო დამალული. ის უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნების გავლით გადაიყვანეს.
„ხატების დანართებში აღმოაჩინეს მაღალი სიმძლავრის პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება, ჰექსოგენი“, - აცხადებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პსკოვის რეგიონის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი ბელოცერკოვსკი.
მისი თქმით, ამოღებული ჰექსოგენის მასა საკმარისი იქნებოდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებისთვის.
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აქვს ინფორმაცია ლატვიის საზღვარზე დაკავებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ხატებისა და საეკლესიო ჭურჭლის ტვირთის მიმღების შესახებ - განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში წყარომ.
0
0