03/11/2024
19:42
არჩევნები 2024
„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, არჩევნების დღეს ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებები წარადგინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მტკიცებულებები ორ დისკად გადაეცა როგორც სასამართლოს, ასევე საოლქო კომისიის წარმომადგენელს.
მათი მოთხოვნაა, გაიხსნას ბოლნისის ოლქში შემავალ უბნებზე ვერიფიკაციის აპარატებიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია და ქვითრები, ხოლო არჩევნების ძველი წესით ჩატარებულ უბნებზე კი შემოწმდეს სამაგიდო სიები და ხელმოწერები.
„იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა შეუსაბამობა, ბათილად იქნას ცნობილი ბოლნისის საარჩევნო უბნებზე შემაჯამებელი ოქმები, მოხდეს ხელახალი გადათვლა, რომლის მიზანია აისახოს კენჭისყრის სამართლიანი შედეგი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია-არალეგიტიმაციის საკითხზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერებული პროცესის შემდეგი ბედი.
„ძლიერი საქართველოს“ წევრის ლანა გალდავას თქმით, ისინი გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს.
„მიუხედავად იმისა, რომ მიტაცებულია ყველა ინსტიტუცია გადაწყვეტილებას დაველოდებით, რაც დიდი ალბათობით, იქნება კვლავაც უკანონობის დაკანონება, რაც გახდება კიდევ ერთი არგუმენტი საერთაშორისო გამოძიების დაწყების მოთხოვნისა“, - აღნიშნა გალდავამ.
0
0