ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და მათმა მოკავშირეებმა დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ დაამტკიცეს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ („გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“).
„ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც ითვალისწინებდა მკაფიო რეკომენდაციას ამ კანონის გაუქმების შესახებ.
ევროკავშირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი მიღება გააუქმებს ევროკავშირის ლიდერების მიერ მოწონებული კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციის ცხრა ნაბიჯიდან სულ მცირე სამს და უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
საგარეო გავლენის გამჭვირვალობის აქტის მიღმა, ამ დრომდე არ არის მობილიზებული საკმარისი პოლიტიკური ყურადღება ცხრა ნაბიჯზე მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.
„დინამიკის შესაცვლელად ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ მმართველი ორგანოების მხრიდან საჭიროა ვალდებულების აღება. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0