09/09/2024
09:32
სპორტი
„ლივერპულის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვრცელი სტატია ვრცელდება. სტატიის ავტორი, გლენ პრაისი The Athletic-ის კორესპონდენტ დერმოტ კორიგანთან ჩაწერილ ინტერვიუს წარმოგვიდგენს.
ცნობისთვის, დერმოტ კორიგანი ბრიტანულ გამოცემაში ლა ლიგის მიმომხილველად მუშაობს და „ლივერპულის“ ოფიციალურ გვერდთან მამარდაშვილის ასპარეზობას ანალიტიკურად აფასებს.
როგორი იყო რეაქცია, როდესაც გაიგეთ, რომ „ლივერპულმა“ „ვალენსიასთან“ მამარდაშვილის ტრანსფერი შეათანხმა?
„დიდად არ გამკვირვებია. ის მართლაც კარგი მეკარეა და ბევრი იყო საუბარი იმის შესახებ, რომ რაღაც ეტაპზე „ვალენსიას“ დატოვებდა და ეს პირველ რიგში იმის გამო მოხდებოდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა. აქამდე, საუბარი იყო, თუ როგორი დონის გუნდში გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრებში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, მოსალოდნელი იყო, რომ კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებდა. „ლივერპული“ მისთვის შესანიშნავი ნაბიჯია და ასევე, მისი მოყვანით „ლივერპულიც“ ბევრს მოიგებს“.
„ის მაღალი და ფიზიკურად ძლიერი ბიჭია, რომელსაც დიდი მენტალიტეტი აქვს. უყვარს თამაშში ჩართვა. პენალტები ის კომპონენტია, რომელიც მეკარეებს გაბრწყინების შანსს აძლევს. ლა ლიგის გასულ სეზონში მან 6- დან 3 პენალტი მოიგერია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. „ვალენსიაში“ მისი მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენაა, რომელიც „ლივერპულში“ რაფასთან ერთად მუშაობდა. ასევე, ის ესპანეთის ნაკრებში ოქროს პერიოდში იყო და მოიგო 2010 წლის მუნდიალი და ორი ევროპის ჩემპიონატი. „ფურია როხაში“ ის იკერ კასილასთან და პეპე რეინასთან ერთად მუშაობდა. სწორედ მის ხელში გაიზარდა მამარდაშვილიც. ოჩოტორენას ხელში აღმოჩნდა დიდი ნიჭი ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემებით, რეფლექსებითა და იმ ყველაფრით, რაც დიდებულ მეკარეს სჭირდებოდა. „ვალენსიაში“ ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობდა და ყველაფერი სახეზეა, ეს მისთვის ნამდვილად სასარგებლო აღმოჩნდა“ - წერია სტატიაში.
0
0