14/05/2022
14:52
პოლიტიკა
რატომაც „დიდ შვიდეულს“ არ ვესწრებით არის ის, რომ ომთან დაკავშირებული არ ვართ, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან - ვისაც ეწყინა, რომ საქართველო „დიდ შვიდეულზე“ არ იყო, მას სწყინს ისიც, რომ საქართველო ომში არ არის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მიიღო მონაწილეობა საქართველომ „დიდი შვიდეულის“ სამიტში.
კობახიძის განცხადებით, აღნიშნულს „ძალიან მარტივი მიზეზი აქვს“.
„მიზეზი ისაა, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, მიზეზი პოზიტიურია. რატომაც არ ვესწრებით „დიდ შვიდეულს“ არის ის, რომ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც სწუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი ასევე სწუხან იმის გამო, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის. ეს რეალობაა. ვინც ომშია ჩართული, ან ვინც უშუალოდ ემიჯნება სამხედრო კონფლიქტს - ეს იყო კრიტერიუმი, რაც გერმანიის საელჩომ განმარტა. გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას მოჰყვა „ომის პარტიის“ აღშფოთებული განცხადებები. ისინი დაესხნენ თავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, გერმანიის საელჩოს. ეს არის მათი ხელწერა, ეს არის მათი ბუნება, რაც ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიაში ქალაქ ვაისენჰაუზში სამდღიანი სამიტი გამართეს, სადაც საქართველო მიწვეული არ იყო. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებია, მათ შორის სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება.
0
0