13/10/2023
11:29
ეკონომიკა
მიმდინარე წელის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიები 7%-ით შემცირდა, თუმცა, ზაფხულთან შედარებით, სექტემბერში გაზრდილია სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ HR.ge-ს რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი ესაუბრა.
მისი ინფორმაციით, თუ ზაფხულში დღეში 50-მდე სამსახურის მაძიებელი რეგისტრირდებოდა, სექტემბერში 100-მდე გაიზარდა.
ამასთან, როგორც ინგა შახბაზიანი განმარტავს, ვაკანსიების რაოდენობის მხრივ, პირველ ადგილზეა გაყიდვები, რომელსაც ჰორეკა სექტორი და საბანკო სფერო მოსდევს.
„წლიურ ჭრილში რომ განვიხილოთ, გამოცხადებული ვაკანსიების მხრივ 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს გვაქვს 3%-ანი ზრდა, თუმცა, სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, დაახლოებით 7%-იანი კლებაა.
ამ ეტაპზე, პირველ ადგილზე არის გაყიდვები, რომელზეც ვაკანსიების 24% მოდის, ჰორეკას აქვს 16%, საბანკო სფეროს - 9%, სამედიცინოს - 8%, ადმინისტრაციას - 7% და IT სფეროს - 6%. დანარჩენი სხვა სექტორებზე ნაწილდება.
რაც შეეხება სამსახურის მაძიებელთა რაოდენობას, ზაფხულთან შედარებით, მატებაა, თუ ზაფხულში დღის განმავლობაში სამუშაოს მაძიებელი დაახლოებით, 50 ახალი ადამიანი რეგისტრირდებოდა, ახლა დღეში 80-100-მდე სამსახურის მაძიებელი რეგისტრირდება. გააჩნია დღეებს.
რაც შეეხება საიტზე შემომსვლელთა აქტივობას, სექტემბრის მეორე ნახევრიდან მოიმატა ვიზიტორთა რაოდენობამ, სავარაუდოდ, სწავლის დაწყებას და სტუდენტების გააქტიურებას უკავშირდება.
რეგისტრაციებიდან გამომდინარე, სამსახურის მაძიებელთა მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნაა ადმინისტრაციაში დასაქმებაზე, ასევე, ეხმაურებიან მომსახურების სფეროში გამოცხადებულ ვაკანსიებს, რითეილს, ჰორეკას... როგორც ჩანს, ძირითადად დამწყებები არიან და ეს ის სექტორებია, სადაც კადრები გამოცდილების გარეშეც აჰყავთ“, - ამბობს ინგა შახბაზიანი.
0
0