22/05/2023
08:46
სამართალი
რამდენიმე დღის წინ, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ბეჟან აბულაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მოკლულია 49 წლის ეკა ჭიაბერაშვილი, რომელიც მეგობარმა მამაკაცმა სასიკვდილოდ მხოლოდ იმიტომ გაიმეტა, რომ ქალმა სასიყვარულო ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ბეჟან აბულაშვილია, დანაშაულის ადგილი კი ვარკეთილში მდებარე ნაგავსაყრელი. ქალის დასახიჩრებული ცხედარი სწორედ ამ ადგილას ჯართის შემგროვებელმა მამაკაცმა, მკვლელობიდან ოთხი დღის შემდეგ იპოვა.
"რუსთავი 2-ის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბეჟან აბულაშვილმა ეკა ჭიაბერაშვილი მიუვალ ადგილას გაიტყუა, ნაგავსაყრელის სიღრმეში შეიყვანა და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მსხვერპლს ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ბოლოს, უსიცოცხლოდ მიწაზე დაგდებულ ქალს თავში ბეტონის დიდი ფილა ჩაარტყა. "პოსკრიპტუმმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბეჟან აბულაშვილი უმძიმეს დანაშაულის დეტალებს ჰყვება.
"ამომასხა და "რეიკა" იყო რაღაც, უნდა აეღო და დაერტყა... მერე მე დავარტყი, დაიჩოქა...“ - ამბობს ბეჟან აბულაშვილი.
მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ბეჟან აბულაშვილი მეგობართან რეკავს და სიამაყით ჰყვება იმას, რაც ჩაიდინა. გამოძიების მასალებში მეგობრის ეს ჩვენება დევს.
სათვალთვალო კამერის ჩანაწერით ისიც გაირკვა, რომ აბულაშვილმა თავისი მსხვერპლის ორი მობილური ტელეფონი ლომბარდში ჩააბარა. მას თან ახლავს სხვა მეგობარი ქალი. ლომბარდიდან აღებული ფულით, ორივე ბარში გასართობად მიდის.
ქალი, რომელიც PS-ს ინტერვიუზე დათანხმდა, საქმის მთავარი მოწმეა. მას, ისევე როგორც მოკლულ ეკა ჭიაბერაშვილს, ბრალდებულთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.
"მე მეგონა ფოტოშოპი, თორემ ასეთ მდგომარეობაში არ ვიცი, დღესაც ვერ გამიანალიზებია. ეჭვიც არ შემპარვია... მთლიანობაში იყო "გრუბი" ადამიანი და ეჭვიანობის ნიადაგზე ვუცემივარ... რამდენჯერაც ვუცემივარ, რომ ვეუბნებოდი მივმართავ პოლიციას-მეთქი, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ გამოვალ და "კასტილებით გატარებო. მომდევნო მსხვერპლი მე ვიქნებოდი, ალბათ," - ამბობს ქალი.
ბრალდებულმა სასამართლოში დუმილის უფლება გამოიყენა.
ადვოკატი ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს არ ეთანხმება, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უდანაშაულოდ მიიჩნევს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. სულხან კომახიძე არ გამორიცხავს, რომ ეკა ჭიაბერაშვილი სხვაგან მოკლეს, გვამი კი მოგვიანებით ნაგავსაყრელზე მიიტანეს. საქმის პროკურორი ამ ვერსიას აბსურდულს უწოდებს.
წყარო: „რუსთავი2“
0
0