
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ყოველდღიური შეჯამებების სერიას აგრძელებს. რეზნიკოვი ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში 7 მარტის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსი სამხედროები და ზოგადად რუსეთი, სიტყვას არ ასრულებს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით და ამ ყველაფერს, მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.
„გავიდა გმირული წინააღმდეგობის თერთმეტი დღე. უზარმაზარი დანაკარგების გამო, რაც მტერმა განიცადა, ბრძოლის ინტენსივობა დროებით შემცირდა. თუმცა, რუსი დამპყრობლები ცდილობენ კონცენტრირება მოახდინონ ძალებსა და საშუალებებზე თავდასხმების ახალი ტალღისთვის.
პირველ რიგში - კიევზე, ხარკოვზე, ჩერნიგოვსა და მიკოლაევზე. ნუ დავკარგავთ სიფხიზლეს!
„რუსული მშვიდობა“ ჰუმანიტარული კრიზისით ცდილობს დაახრჩოს გმირი ქალაქი მარიუპოლი. სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები.
ეს არ არის ადვილი. რუსი ტერორისტები სიტყვას არ ასრულებენ. არც ბავშვებსა და ქალებს, არც დაჭრილებს იბრალებენ. ისინი საცხოვრებელ უბნებს ესვრიან. ევაკუაციის დროს მშვიდობიან ადამიანებს ესვრიან.
მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ იბრძვის უკრაინელი ხალხი თავისი ქვეყნისთვის.
მე კომენტარს არ გავაკეთებ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე - ეს დელიკატური მომენტია. დაე, მტერი დაელოდოს სიურპრიზს. გაითვალისწინეთ: ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია.
ჩვენი ჯარისკაცები თავდაცვის ყველა მიმართულებით ავლენენ მაღალ ოსტატობას რუსი მებრძოლების განადგურებით.
ომი ის მწუხარებაა, რომელიც რუსეთმა მოგვიტანა და მიიტანა იგი მთელი მსოფლიოს სახლებში. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ჩვენს ხალხს. ყველას გვახსოვდეს და ყველასთვის შური ვიძიოთ.
ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა მტერთან შედარებით უკრაინული საზოგადოების ერთიანობაა. რუსეთში, მათ არ ესმით, რა არის თვითორგანიზება და რა არის რეალური ნდობა ძალაუფლებასა და მოქალაქეებს შორის.
ისინი ათწლეულებია ანადგურებენ ხალხის თავისუფლებას და ღირსებას, რათა მოეპოვებინათ მორჩილი მოსახლეობა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
0
0