22/05/2023
14:21
სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ახალგაზრდებმა კამათი ქუჩაში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.
„სუფრასთან უჩხუბიათ, მერე გარეთ გაუგრძელებიათ. როგორც ვიცი, წარსულში ერთმანეთთან პატარ-პატარა კინკლაობა ჰქონდათ. დანით არის დაჭრილი, მე რომ გამოვედი სკამზე იჯდა და ცუდად იყო. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ, სკოლის ტერიტორიიდან აქამდე უვლია დაჭრილს“,- ამბობს კაბალში მცხოვრები პირი.
28 წლის ახალგაზრდა ამჟამად, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში იმყოფება. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
0
0