12/03/2024
12:47
ტურიზმი
„დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისაა“, -ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Financial Times-ი საქართველოს შესახებ 20 გვერდიან სტატიას აქვეყნებს.
ვრცელი სტატია მწერალმა ლეო ვარდიაშვილმა მოამზადა და დეტალურად აღწერა ქართული კულტურა, ტრადიციები, ტურისტული ადგილები, ღვინო, კულინარია, სტუმართმოყვარეობა და სვანეთში გამართული ფრირაიდის მსოფლიო ტური.
„ევროპიდან საქართველოში ფრენისას ალბათ თვალი შეგივლიათ კავკასიონის მთებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დათოვლილია, თვითმფრინავის მეორე მხარეს შავი ზღვა მოჩანს. მივყვებით მთებს, რომელიც თბილისამდე მეგზურობას გვიწევს. ევროპის და აზიის საზღვარზე მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს წარსული სირთულეებთან არის დაკავშირებული. ოტომანები, ბიზანტიელები, მონღოლები, რუსები-უამრავი იმპერია ცდილობდა საქართველოს დაპყრობას. თბილისი ოცზე მეტჯერ აიღო დამპყრობელმა, მაგრამ ქართული იდენტობა ისევ ცოცხლობს“,- სტატიის ავტორი საქართველოში მოგზაურობისას აღწერს თბილისს, ქალაქის ცხოვრების სტილს, დედაქალაქის ისტორიულ უბნებს და კულტურას.
თბილისთან ერთად The Financial Times-ის სტატიაში აღწერილია სვანეთი, მესტია, უშგული, ჰაწვალი, თეთნულდი, თუშეთი, ყაზბეგი, თუშეთი, ქუთაისი, კახეთი და საქართველოს სხვა კუთხეები, ტურისტულად საინტერესო ადგილები, ღვინის მომზადება და სამზარეულო.
„მესტიაში, უშბის ჩრდილქვეშ, ფაფუკ თოვლში თხილამურებით სრიალი შეიძლება. უშბას ხანდახან კავკასიონის მატერჰორნს უწოდებენ. დაბა მესტია თავგადასავლების მოყვარული მოთხილამურეების ცხელი წერტილია, ჰაწვალზე და თეთნულდზე საბაგიროებია მოწყობილი. ახლახან სვანეთმა პირველად უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურს. მოთხილამურეების დიდი ნაწილი აქ აუთვისებელი მთების შესასწავლად ჩამოდის“,- წერს ლეო ვარდიაშვილი და მესტიასთან ერთად უშგულს აღწერს.
„უშგული სვანეთში, კავკასიონის მთების გულში მდებარეობს. ეს ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებაა, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. უშგული საოცარი ადგილია, ეს სოფელი საქართველოს რთული ისტორიის ფიზიკური განსახიერებაა, შემოსევებისას ქართველების სტრატეგია იყო მოსახლეობის მთებში გახიზვნა, თითოეული ასეთი გახიზვნა ნოეს კიდობანთან იყო გაიგივებული. ქართული ხელნაწერები, ხელოვნების ნიმუშები, ვაზის კალმებიც კი ხშირად უშგულში იყო გადამალული და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. უშგულში თითოეული სახლი საგუშაგო კოშკი იყო, უკან კი გაუვალი კავკასიონის ქედი დგას, უშგული მართლაც ბოლო ბასტიონია. აქ ერთ ადგილობრივს, სერაფიმეს დავუმეგობრდი, რომ გაიგო მწერალია ვარ ისტორიები მომიყვა სვანური ადათ-წესებისა და ლეგენდების შესახებ. მონღოლთა შემოსევისას მთებიდან ჩამოსულ მგლებს უშგული დაუცვიათ, მიყვება სერაფიმე.
სოფელში ყოფნის ბოლო დღეს კოშკზე ხის კიბით ავედი და საუკუნოვანი ქვის კარიბჭეში შევაბიჯე, რომელიც სოფელში მიმავალ გზას გაჰყურებს. ზურგით კავკასიონისკენ ვდგები და ხეობას გავცქერი, წარმოვიდგენ როგორი იქნებოდა სოფელში მტრის მოახლოება, საოცარი შეგრძნებაა“,-წერს ლეო ვარდიაშვილი.
0
0