05/04/2022
10:26
სამართალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა „COVID-19“ აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აცრილ იქნა „Pfizer“-ის ვაქცინით.
ამავდროულად, ბრალდებულებმა, აღნიშნული ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
0
0