23/08/2023
11:54
მსოფლიო
უკრაინაში 23 აგვისტოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინაში ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელზეც შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.
„ჩვენი სიმბოლო, ჩვენი ამულეტი, ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა. ჩვენი დროშა არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი ნდობა, ჩვენი ძალა. ჩვენი დროშა ჩვენი მეხსიერებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, თავდაპირველად უკრაინაში ეროვნული დროშის დღე მხოლოდ კიევში, მუნიციპალურ დონეზე 24 ივლისს აღინიშნებოდა. სწორედ ამ დღეს, 1990 წელს, ლურჯ-ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი დროშა(ცისფერი ცის, ყვითელი კი ხორბლის სიმბოლოა), პირველად კიევის საქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე აღიმართა. 1991 წლის 23 აგვისტოს, მოსკოვის პუტჩის შემდეგ, სახალხო დეპუტატთა ჯგუფმა დროშა უმაღლესი რადას სასესიო დარბაზში შეიტანა. მეორე დღეს კი უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
საერთო ეროვნულ დონეზე 23 აგვისტო - უკრაინის სახელმწიფო დროშის დღე - 2004 წლიდან, უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას დადგენილების შემდეგ, აღინიშნება. 24 აგვისტოს კი უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
0
0