27/10/2021
18:08
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით, მეგობრებო, თანამებრძოლებლო, მხარდამჭერებო. მოგესალმებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით ადამიანს, რომლებიც აქ თავისუფლების იდეამ კიდევ ერთხელ შეგკრიბათ. 2012 წელს აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა თავიანთი ერთობით საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეის კარნახით მოქმედებს.
მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართველ ხალხთან, ქართველ საზოგადოებასთან ერთად დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი.
ჩვენი პარტია „ქართული ოცნება“ დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართულია, უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება. მინდა, ყველას მოგილოცოთ 2 ოქტომბრის გამარჯვება, რომელშიც თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, 30 ოქტობმერს გამარჯვება ბოლომდე უნდა მიიყვანონ.
„ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და წინსვლისთვის გრძელდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი „ქართული ოცნება“, ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე. ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის, ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების დაბრუნება. ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებისადმი.
ჩვენი ოცნებაა საქართველო ძლიერი ქალაქებით, ძლიერი სოფლებით, ძლიერი ოჯახებით. ჩვენი ოცნებაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ ოცნებითა და მიზნებით შეიქმნა ჩვენი პარტია 2012 წელს და სწორედ ეს ოცნება და მიზნები, სამშობლოს სიყვარული და ეროვნული ფასეულობების ერთგულება მოგვცემს ძალას, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება.
ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი, პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია, არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის. 30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი, აუცილებელია, 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ. 30 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი უსამშობლოობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, სიძულვილსა და სიყვარულს შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის. 30 ოქტომბერს ერთხელ კიდევ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0