18/10/2022
16:42
მსოფლიო
„ჩრდილოეთის ნაკად 1-ის“ წყალქვეშა მილსადენი თითქმის 50 მ სიგრძეზე განადგურებულია
გასულ თვეში, ბალტიის ზღვის ფსკერზე მომხდარი აფეთქებების შედეგად, „ჩრდილოეთის ნაკად 1-ის“ წყალქვეშა მილსადენი, სულ მცირე, 50 მ სიგრძეზე განადგურდა.
შვედურ გაზეთ Expressen-თან თანამშრომლობით, რობოტების მწარმოებელმა ნორვეგიულმა კომპანიამ, Blueye Robotics-მა, წყალქვეშა დრონის საშუალებით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის ლითონის მასიური დაზიანების ამსახველი კადრი ზღვის ფსკერიდან 80 მეტრში გადაიღო.
„მილსადენის ნაწილები ან დაკარგულია, ან ფსკერზეა ჩაფლული,“ - აცხადებენ კომპანიაში.
დანიის პოლიციისა და შვედეთის ხელისუფლების (რომელიც ასევე იკვლევდა მილსადენებში გაჟონვის ფაქტს) დასკვნები, როგორც ჩანს, ერთმანეთს ემთხვევა. დანიის პოლიციას მიაჩნია, რომ "ძლიერმა აფეთქებებმა" „ჩრდილოეთის ნაკად 1-ისა“ და „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ მილსადენებში ოთხი ხვრელი გააჩინა. დივერსიის ეჭვების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია ვინ ან რამ გამოიწვია აფეთქებები.
კრემლმა დასავლელი გამომძიებლები „საერთაშორისო ტერორისტული აქტის ნამდვილი ორგანიზტორების დამალავაში დაადანაშაულა“.
„ელემენტარული ლოგიკა გვიჩვენებს, რომ მილსადენის დაზიანება არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში,“ - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, „ჩრდილოეთის ნაკად 1-ს“ რუსული გაზი გერმანიამდე მიჰქონდა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამოქმედებაზე კი გერმანიამ წლის დასაწყისში უარი განაცხადა უკრაინაში ომის დაწყების გამო. გაზსადენი გადაჭიმულია 1200 კმ-ზე - ბალტიის ზღვის რუსეთის სანაპირო ზოლიდან (სანკტ-პეტერბურგის მიმდებარედ) ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიამდე.
0
0