24/09/2021
14:23
საზოგადოება
რუსულ გაზეთ „ტრუდ“-ში («Труд») დაბეჭდილია სტატია სათაურით „ჭადრაკის ექს-დედოფლის ბოლო პარტია: რა მოჩანს ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიღმა?“ (ავტორი – გიორგი ნასტენკო). პუბლიკაციაში განხილული და კომენტირებულია ის საჩივარი, რომელიც ცნობილმა ქართველი მოჭადრაკე ქალმა აღძრა ფილმის „ლაზიერის გამბიტის“ შემქმნელების წინააღმდეგ, სინამდვილის დამახინჯების გამო.
სტატიაში ჩამოთვლილია ნონა გაფრინდაშვილის მიერ ლოს-ანჟელესის საოლქო სასამართლოში ამერიკული კინოკომპანია Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ძირითადი პუნქტები – ფილმ „ლაზიერის გამბიტში“ დაშვებული შეცდომები (მათ შორის ის, რომ ნონა გაფრინდაშვილს თურმე მამაკაცებთან ჭადრაკი არ უთამაშია, სინამდვილეში კი პირიქითაა). როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს ბრალდება, რომელიც ერთი შეხედვით „საკმაოდ უწინარ ფრაზას და წვრილმან მიზეზს წარმოადგენს, საკმარისი არმოჩნდა, რომ ხმაურიანი სკანდალი დაწყებულიყო – ისეთი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მასმედია უკვე ერთი კვირაა წერს.
სტატიაში ერთგვარი პარალელია გავლებული რუსულ სპორტულ დრამატულ ფილმთან „მოძრაობა აღმასვლით“ (1970-იანი წლების საბჭოთა კალათბურთელების შესახებ), რომლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, საბჭოთა ნაკრების წევრი, ცნობილი კალათბურთელი მოდესტას პაულაუსკასი მთლიანად ნეგატიურადაა გამოყვანილი – ანტისაბჭოთა პიროვნებად და რუსთმოძულე ადამიანად (რუსოფობად). არადა, სინამდვილეში ეროვნებით ლიეტუველი და დღეს დამოუკიდებელი ლიეტუვას მოქალაქე მოდესტას პაულასკასი დიდ პატივს სცემს რუსებს და რუსეთს, მას არასოდეს არ უცდია საბჭოთა კავშირიდან გაქცევა და არასოდეს არ სძულდა თანაგუნდელი რუსები. შესაბამისად, მას ჰქონდა იმის საფუძველი, რომ ფილმში დაშვებული შეცდომების გამო სარჩელი შეეტანა სასამართლოში რეჟისორის და სცენარისტის წინააღმდეგ, მაგრამ მოდესტასმა ეს არ გააკეთა.
„ტრუდ“-ის კორესპონდენტმა, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელში გადმოცემული ფაქტების გადამოწმების მიზნით, ყურადღებით უყურა ფილმს და წერს: „ნონა გაფრინდაშვილი – ერთ-ერთი რეალური პერსონაჟი სცენარში – ფილმის კადრებში მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში მოჩანს, ისიც ეკრანის უკანა პლანზე. მის შესახებ ლაპარაკი მხოლოდ ორიოდე ფრაზაში თავსდება. ანუ ეს სკანდალი რომ არ დაწყებულიყო, მასზე ყურადღებას არავინ გაამახვილებდა“.
პუბლიკაციაში კომენტარს აკეთებს ქართველი მწერალი და პუბლიცისტი გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც „ჭადრაკში უცხო ადამიანი არ არის, იგი მრავალ სამოყვარულო ტურნირში მონაწილეობდა და ბევრჯერ არის გამარჯვებული“.
„ნონა გაფრინდაშვილი ტალანტური ქალია, ჩვენი ეროვნული სიამაყე, იგი 1990-იან წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ოფიციალურ სახეს წარმოადგენდა… მაგრამ ახლა ამ პატივცემული ქალბატონის წყენას ფილმის შემქმნელების მიმართ ინტრიგანები და ადვოკატები უსინდისოდ იყენებენ საკუთარი ინტერესებისათვის, რომ მოზრდილი თანხა ჩაიჯიბონ… პოლიტიკური ქვეტექსტებიც კი იპოვეს – საბჭოთა პერიოდში ქართველ მოჭადრაკეებს თურმე რუსები ჩაგრავდნენ… ამ სკანდალში ერთმანეთში არის შერეული პოლიტიკა და რუსოფობია. პირადად მე ამ ყველაფერს უპერსპექტივოდ ვთვლი“, – ამბობს გიორგი ლორთქიფანიძე.
0
0